ამერიკის ელჩი, აკაკი და მარგანეცი
ამერიკის ელჩი, აკაკი და მარგანეცი

მოხდა ისე, რომ ჩვენს ოჯახს – როგორც დედის, ისე მამის მხრივ – განსაკუთრებული ურთიერთობები აეწყო წერეთლებთან. ცნობილი „კნეინა“ ელისაბედ (საბედა) წერეთლისგან დედაჩემის მამამ საჩხერეში მამული შეიძინა. ელისაბედ წერეთელს და ბაბუას ურთიერთპატივისცემით გამორჩეული დამოკიდებულება ჰქონდათ. მე და ჩემი და – თამილა, ბაბუას არ მოვსწრებივართ. დედა ძალიან პატარა იყო, როცა მამამისი და ორი ძმა ფრონტიდან აღარ დაბრუნებულან (ომამდე ბაბუა თავისი ორი ვაჟით ბაქოში ნავთობის საქმით იყო დაკავებული). ბავშვობის არდადაგებს ყოველთვის „კნეინა“ ელისაბედის იმ ყოფილ მამულში ვატარებდით. ეს იყო ულამაზესი სახლი და უმშვენიერესი ეზო-გარემო ვენახით, ბაღით, ბაღჩით, ხეხილით, ჭურ-მარანითა და საწნახელით. სახლის წინა აივნიდან მდინარე ყვირილას პანორამული ხედი იშლებოდა. უკანა მხარეს შეფენილი ფერდობი მაღალ კლდეს უერთდებოდა, რომლის ქიმსაც „მოდინახეს“ ციხე აგვირგვინებდა. ეზოს მარჯვნივ სინაგოგა ესაზღვრებოდა. რკინის ბადის გამო  სინაგოგის ხედი გახსნილი იყო და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ტაძარი ეზოს გაგრძელებას წარმოადგენდა. დილა-საღამოს ეზოში ლოცვისა და გალობის ხმა ისმოდა.

როცა ბებია გარდაიცვალა, საჩხერის სახლი 12 ათას მანეთად გავყიდეთ და ფული შემნახველ სალაროში შევიტანეთ. მაგრამ იმ ფულის და ოჯახის სხვა დანაზოგის ანაბარი ბანკმა აღარ დაგვიბრუნა და სამუდამოდ შეირჩინა. არასდროს დამავიწყდება: როცა ბებია გარდაიცვალა, მისი მეგობარი ელენე წერეთელი (მსახიობ გოგოლა კალანდაძის ბებია) დედაჩემს სიცოცხლის ბოლომდე დედასავით ეპყრობოდა.

პუშკინის ქუჩაზე ჩვენი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ბაბუაჩემის (მამაჩემის მამის) – მოწმედ მოხსენიებულია გრიგოლ დიმიტრის ძე წერეთელი, იგივე გიგილო წერეთელი – ბაბუას დიდი მეგობარი. სწორედ იგი ადასტურებს, რომ, როგორც ხელშეკრულებაშია აღნიშნული, სახლის შეძენისას სავალდებულო საბიუჯეტო გადასახადების გარდა, საქველმოქმედო მიზნით ბაბუამ დიდი ფინანსური შესაწირიც გაიღო: „საქართველოს წითელი ჯვრის სასარგებლოდ 19 მილიონ 950 ათასი მანეთი და  დამშეულთა სასარგებლოდ 266 მილიონი მანეთი, რაც აღნიშნულია გარდასახადთა წიგნში ნომრით 222“!

შემდგომ უკვე მამაჩემი – დავით ბუზუკაშვილი მეგობრობდა აკადემიკოს კოტე წერეთელთან – ცნობილ ორიენტალისტთან. მეგობრობდა აგრეთვე აკაკი წერეთლის ძმის შვილთან, პროფესიით ინჟინერ ვასილ წერეთელთან, რომელიც ხანდაზმულობის მიუხედავად, ჭიათურის მარგანეცის მაღაროში წამყვან პოზიციაზე მუშაობდა. მამას ვრცელი ნარკვევი ჭიათურის მარგანეცზე სწორედ ვასილ წერეთლის დამსახურებაა – სწორედ მან აიძულა მამა, ხელი მოეკიდა ქართული მარგანეცის თემისთვის.

საგულისხმოა, რომ ჭიათურის მარგანეცის საბადოებს თავის დროზე ამერიკელი მეწარმე –  ჰარიმანი ფლობდა. გასაბჭოებამდე სწორედ მისი საქმიანი პარტნიორი იყო ბაბუჩემიც. მეწარმე ჰარიმანი გახლდათ მამა ავერელ ჰარიმანის –  შემდგომში საბჭოთა კავშირში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის. ელჩის, რომელიც ნამდვილად არ იყო სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში კომფორტული პარნიორი მაშინდელი კრემლისთვის.

ვისარგებლებ შემთხვევით და აქვე გავიხსენებ მამას ნაამბობ ერთგვარად სახალისო ამბავს: დიპლომატიური მისიის ამოწურვის გამო ავერელ ჰარიმანი კრემლში სტალინთან გამოსამშვიდობებლად მივიდა. შეხვედრას ბერიაც ესწრებოდა. ხაზგასმულად თავაზიანი საუბრისას, რაღაც მომენტში, სტალინმა ბერიას მოულოდნელად ქართულად გადაულაპარაკა: ძლივს არ მოვიშორეთ ეს შობელძაღლი!.. გაცილებისას სტუმარი კარებთან მოტრიალდა და მასპინძლებს ქართულად უთხრა: აბა, სულ ბედნიერად და კეთილად ბრძანდებოდეთო, და კარებში გავიდა. ჰარიმანის ამ ნიშნისმომგები ჟესტით შემცბარ სტალინს ბერიასათვის შავი დღე უყრია: – საბჭოთა უშიშროების შეფს ჰარიმანის ქართულის შესახებ როგორ არ უნდა გცოდნოდაო! საქმე ის არის, რომ ჭიათურაში მამამისის  მეწარმეობის პერიოდში პატარა ავერელს ადგილობრივ თანატოლებთან თამაშისას ქართული მშვენივრად უსწავლია…

ახლა კი გთავაზობთ შესავალ ფრაგმენტს ჭიათურის მარგანეცის შესახებ მამაჩემის ზემოაღნიშნული ნარკვევიდან: „წირქვალელ“ მხვნელ-მთესველებს თავსდატეხილი ღვთის წყრომა ვერასგზით აეხსნათ: საწერეთლოს სხვა სოფლებისგან განსხვავებით მათ მიერ მოწეულ ხორბალში ჭარბად იყო შავი ქვის ნამცეცები. აკი მათი ბატონი, როსტომ წერეთელიც (აკაკი წერეთლის მამა) აფრთხილებდა მოურავს: – წირქვალის ხორბალი სხვაში არ აურიოთ, შიგ რაღაც ქვა ურევია და პურს მიფუჭებსო. რას წარმოიდგენდნენ წირქვალელი გლეხები ან მათი სხვიტორელი ბატონი, როსტომ წერეთელი, რომ წირქვალის მღვიმევის და სხვა ახლომდებარე სოფლების მიწის წიაღში არსებული შავი ქვის მადანი მთელ მსოფლიოში გახდებოდა ცნობილი და ესოდენ მოთხოვნადი პროდუქტი აღმოჩნდებოდა მეტალურგიული მრეწველობის საერთაშორისო ბაზარზე.

ფასდაუდებელია ის დიდი ღვაწლი, ქართული მარგანეცის საბადოს აღმოჩენისა და მის სამრეწველო დამუშავებაში აკაკი წერეთელს რომ მიუძღვის.: საუკუნეთა განმავლობაში მთის გულში დაგროვილი მადანი მზის შუქზე პირველად სწორედ აკაკიმ გამოიტანა. მარგანეცის ნიმუში პირველად მან გამოუგზავნა თბილისში გეოლოგ სიმონოვიჩს ლაბორატორიული გამოკვლევისათვის. მანვე თავისი აღმოჩენის შესახებ პეტერბურგსა და უცხოეთში ბროშურებიც გამოსცა.

ჭიათურის შავი ქვის პირველი პარტია აკაკის სახელით გავიდა ევროპის ბაზარზე, – წერდა გაზეთი „კვალი“ 1889 წელს.

1902 წელს უკვე 60 წელს გადაცილებულმა აკაკიმ საგანგებო ლექსი მიუძღვნა ქართული მარგანეცის ქალაქს –  ჭიათურას.

თუმცა, ეს ყოველივე იყო შემდეგ – დიდი ხნის შემდეგ. მანამდე კი ტილოში გმაოკრულ მადნის ნიმუშებს აკაკი წარჩინებულ ქართველებთან კარდაკარ დაატარებდა. მათ დაინტერესებას ცდილობდა. მხარდაჭერას ითხოვდა. მაგრამ ამაოდ. საქმე გულგრილობის ან ირონიული თანაგრძნობის იქეთ არ მიდიოდა. საბედნიეროდ, ბოლოს და ბოლოს აკაკის დაჟინებამ და შეუპოვრობამ, როგორც იქნა, სასიკეთო შედეგი გამოიღო და იმ შედეგის შესახებ ზემოთ უკვე მოგახსენეთ“…

 

მარინა ბუზუკაშვილი

დატოვე კომენტარი