ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა [ვიდეო]

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი, ინციდენტი მოხდა, ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას.

„ქართული მარშის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გიორგი გაბედავას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, როდესაც ის მედიასთან აღნიშნავდა, რომ თავდამსხმელს მძევლად მისი ბიძაშვილი ჰყავს აყვანილი. უცნობი პირი გაბედავას ზურგიდან მიუახლოვდა და ბოთლი ჩაარტყა.

მედიასთან კომენტირებისას გიორგი გაბედავამ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პიარის უფლებას არავის მისცემს.

„მთელი დღეა აქ ვდგავარ, ჩემი ბიძაშვილია ბანკში მძევალი. არანაირი პიარის უფლებას მე აქ არავის მივცემ. ეს არ არის საპიარო. თქვენთვის ჯობია, ეს პროვოკატორი გაიყვანოთ“, – განაცხადა გიორგი გაბედავამ.

სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე ორი პირი ადგილიდან განარიდა.