ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან დაპირისპირების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან დაპირისპირების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან დაპირისპირების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში განაცხადეს.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ დიასამიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

„ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღში, ერთ-ერთი კანდიდატის ფოტოგრაფზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 126-ე მუხლით. გამოძიების ამ ეტაპზე დაკავებულია ერთი პირი. აქტიურად გრძელდება სხვა საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს, დაიცვან კანონით დადგენილი წესები. ნებისმიერ ძალადობრივ მოქმედებას, აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება და კანონის დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყება გაატარებს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს“, – განაცხადა ნიკოლოზ დიასამიძემ.

ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან, როდესაც სანდრა რულოვსი ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიას ინტერვიუს აძლევდა, დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ინტერვიუს დროს მათთან მივიდა ზუგდიდის ორი მცხოვრები და სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის თანამშრომლებსაც.