ვოლოდიმირ ზელენსკი ზალუჟნის განცხადების საპასუხოდ - სამხედრომ თუ გადაწყვიტა, დაკავდეს პოლიტიკით, ეს მისი უფლებაა, მაშინ ის უნდა წავიდეს პოლიტიკაში და ვეღარ იქნება დაკავებული ომით
ვოლოდიმირ ზელენსკი ზალუჟნის განცხადების საპასუხოდ - სამხედრომ თუ გადაწყვიტა, დაკავდეს პოლიტიკით, ეს მისი უფლებაა, მაშინ ის უნდა წავიდეს პოლიტიკაში და ვეღარ იქნება დაკავებული ომით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ სამხედროები, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას აპირებენ, არ უნდა იყვნენ დაკავებული ომით. ამის შესახებ მან ბრიტანულ ტაბლოიდთან, The Sun-თან ინტერვიუში განაცხადა.

„სამხედრომ თუ გადაწყვიტა, დაკავდეს პოლიტიკით, ეს მისი უფლებაა, მაშინ ის უნდა წავიდეს პოლიტიკაში და ის ვეღარ იქნება დაკავებული ომით. თუ თქვენ ომს მართავთ იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ პოლიტიკით ან არჩევნებით დაკავდებით, მაშინ სიტყვებით და წინა ხაზზე თქვენ მოქმედებთ, როგორც პოლიტიკოსი და არა – როგორც სამხედრო. მიმაჩნია, რომ ეს დიდი შეცდომაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდნეტის აზრით, ასეთ შემთხვევაში სამხედროებმა, შესაძლოა, დაუმორჩილებლობა გამოავლინონ, ეს კი უკრაინის ერთიანობას საფრთხეს შეუქმნის.

„ზალუჟნის და ბრძოლის ველზე მყოფი ყველა მეთაურის მიმართ მთელი პატივისცემით, არსებობს იერარქიის სრული გაგება და არ შეიძლება იყოს ორი, სამი, ოთხი, ხუთი. ომის დროს ამის განხილვაც კი შეუძლებელია. ამას არ მივყავართ ერის ერთიანობისკენ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გამოცემა „ეკონომისტთან“ ინტერვიუში, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ ფრონტზე სიტუაცია ჩიხში შევიდა. მან განმარტა, რომ არცერთ მხარეს არ შეუძლია წინსვლა, რადგან ტექნოლოგიურად ერთნაირად არიან აღჭურვილნი. მოგვიანებით ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის არ ფიქრობს, რომ მდგომარეობა ფრონტზე ჩიხშია შესული.