ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ზამთრისთვის ემზადება და უკრაინამ ყურადღება უნდა გაამახვილოს თავდაცვასა და ტერორისტებისთვის პასუხის გაცემაზე
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ზამთრისთვის ემზადება და უკრაინამ ყურადღება უნდა გაამახვილოს თავდაცვასა და ტერორისტებისთვის პასუხის გაცემაზე

რუსეთი ზამთრისთვის ემზადება და უკრაინამ ყურადღება უნდა გაამახვილოს თავდაცვასა და ტერორისტებისთვის პასუხის გაცემაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

„ნოემბრის თითქმის ნახევარი უკვე გავიდა და მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მტერმა, შესაძლოა, გაზარდოს სარაკეტო დარტყმების რაოდენობა ჩვენს ინფრასტრუქტურაზე. რუსეთი ზამთრისთვის ემზადება. უკრაინაში კი მთელი ჩვენი ყურადღება უნდა იყოს მიმართული თავდაცვაზე, ყველაფერზე, რაც უკრაინას შეუძლია, გააკეთოს, რათა გაუადვილოს ჩვენს ხალხს ამ ზამთრის გადატანა და ჩვენი ჯარების შესაძლებლობების გაზრდა.

მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, რომლებიც დაეხმარნენ უკრაინას საჰაერო თავდაცვაში. ესენი არიან სხვადასხვა ქვეყნები: აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, რუმინეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და სხვა ქვეყნები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ცის ფარი უკვე უფრო ძლიერია შარშანდელთან შედარებით, მას უფრო დიდი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ ბოლომდე ვერ იცავს მთელ ტერიტორიას.

„ჩვენ ვმუშაობთ, რომ ის კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ. ყველა ქვეყანა, ყველა ლიდერი, რომელიც გვეხმარება საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში, გვეხმარება სიცოცხლის დაცვაში. მოვუწოდებ ყველა უკრაინელს, ყველას, ვისი ხმაც ისმის მსოფლიოში, ჩვენს ჟურნალისტებს, ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას მთელ მსოფლიოში, დაეხმარონ თავდაცვის გაძლიერებაში. თქვენი დახმარებით ჩვენ შეგვიძლია, გადავლახოთ ყველაზე რთული გამოწვევები, ოღონდ მხოლოდ ერთად, ერთიანობით, ერთმანეთზე ზრუნვით. აუცილებელია, ვიყოთ ერთიანები და მადლიერები. დიდება ჩვენს ხალხს – უკრაინელ ხალხს!“ – აღნიშნა ზელენსკიმ.