ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი არასდროს მოდის სამუდამოდ, რამდენჯერაც არ უნდა გაიმეოროს ეს, რადგან უკრაინა ყოველთვის ბრუნდება
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი არასდროს მოდის სამუდამოდ, რამდენჯერაც არ უნდა გაიმეოროს ეს, რადგან უკრაინა ყოველთვის ბრუნდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას რუსი დამპყრობლებისგან ხერსონის გათავისუფლების წლისთავს ულოცავს და აღნიშნავს, რომ რუსეთი არასოდეს მოდის „სამუდამოდ“. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ვიდეომიმართვაში, რომელსაც პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

„უკრაინის მთელი სამხრეთი შარშან დარწმუნდა, რომ რუსეთი არასდროს მოდის „სამუდამოდ“, რამდენჯერაც არ უნდა გაიმეოროს ეს, რადგან უკრაინა ყოველთვის ბრუნდება, ყოველთვის! როდესაც ვიცით ჩვენი მიზანი, როდესაც ეს მიზანი საერთოა, როდესაც ერთიანები ვართ და როდესაც უკრაინული მიზნის გარშემო სხვებს ვაერთიანებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხერსონის ოპერაციის საშუალებით დნეპრის მარჯვენა სანაპირო გაიწმინდა ოკუპანტებისგან. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ხერსონის გათავისუფლებით ყირიმმა დაინახა, რამდენად ახლოს არიან უკრაინელები.

„ჩვენმა მეომრებმა მაშინ გაათავისუფლეს ხერსონის ოლქის მნიშვნელოვანი ნაწილი, გააძლიერეს ნიკოლაევის, ოდესის და ჩვენი სახელმწიფოს სამხრეთში სხვა ქალაქებისა და სოფლების დაცვა და გაამყარეს უკრაინის წარმატება შავი ზღვისთვის ბრძოლაში. ხერსონელების ღიმილში, სიხარულის სიტყვებში, როდესაც ჩვენს მეომრებს ხვდებოდნენ, ყირიმმა თავისი მომავალიც იგრძნო, დაინახა, რამდენად ახლოს ვართ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მთელი წლის გამავლობაში რუსეთი ცდილობს, შური იძიოს ხერსონისა და სხვა უკრაინული ქალაქების გათავისუფლებისთვის.

„ყოველდღიური ცეცხლი, ბომბები, არტილერია, რაკეტები. მხოლოდ გუშინდელი საღამოდან დღეს დილამდე გაშვებული იყო თითქმის 40 დრონი და რაკეტა… ბალისტიკა კიევის წინააღმდეგ, დრონები და რაკეტები ოდესის, ხარკოვის ოლქების წინააღმდეგ. მტრის შეგნებული შეურაცხყოფა თითოეულ დღეს! თუმცა ჩვენი სასოწარკვეთის არცერთი დღე არ ყოფილა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ახლა ხერსონში მუშაობს მოსახლეობის დასაცავად და ვინც ხერსონის მარცხენა სანაპიროზე უკრაინისთვის იბრძვის. გათავისუფლებულ ხერსონში უკრაინის დროშა ოფიციალურად 2022 წლის 14 ნოემბერს აღიმართა. ღონისძიებაში მაშინ მონაწილეობა ზელენსკიმაც მიიღო.