ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ ჯო ბაიდენის, ჩვენ ერთად არ დავუშვებთ, რომ სიძულვილმა გაანადგუროს თავისუფლება და ტერორისტებმა გაანადგურონ დემოკრატია
ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ ჯო ბაიდენის, ჩვენ ერთად არ დავუშვებთ, რომ სიძულვილმა გაანადგუროს თავისუფლება და ტერორისტებმა გაანადგურონ დემოკრატია

მადლობელი ვარ ჯო ბაიდენის ძლიერი გამოსვლისთვის. ჩვენ ერთად არ დავუშვებთ, რომ სიძულვილმა გაანადგუროს თავისუფლება და ტერორისტებმა გაანადგურონ დემოკრატია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მხარდაჭერის გამო, უკრაინა ამერიკის მადლიერია.

„უკრაინა მადლიერია აშშ-ის მხარდაჭერისთვის და ურყევი რწმენისთვის, რომ ჰუმანიზმი, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და საერთაშორისო წესრიგი, რომელიც წესებზეა დაფუძნებული, ყოველთვის გაიმარჯვებს“, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისა და აშშ-ის საერთო მიზანია, დაიცვას თავისუფალი ცხოვრების წესი ყველა ადამიანისთვის. მისივე თქმით, ქვეყნებს, რომლებიც ებრძვიან აგრესიას და ტერორიზმს, საერთო თავისუფლების შესანარჩუნებლად, აშშ-ის ლიდერობის იმედი აქვთ.

„აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა წარმოუდგენლად ამხნევებს ყველა ჩვენს მეომარს და მთელ ჩვენს ერს. აშშ-ის ინვესტიცია უკრაინის დაცვაში უზრუნველყოფს გრძელვადიან უსაფრთხოებას მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვის“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აპირებს, ისრაელისა და უკრაინის მხარდასაჭერად გადაუდებელი ბიუჯეტის მოთხოვნა კონგრესს გაუგზავნოს.