ვოლოდიმირ ზელენსკი - დეკემბერში უკრაინა და აშშ თავდაცვის შესახებ ერთობლივ კონფერენციას გამართავენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - დეკემბერში უკრაინა და აშშ თავდაცვის შესახებ ერთობლივ კონფერენციას გამართავენ

დეკემბერში უკრაინა და აშშ თავდაცვის შესახებ ერთობლივ კონფერენციას გამართავენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„დეკემბერში უკრაინისა და აშშ-ის მრეწველობის სპეციალური კონფერენცია გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან ოფიციალური პირები და ხელისუფლების წარმომადგენლები – ყველა, ვინც ჩვენს თავდაცვას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ღონისძიება ვაშინგტონში გაიმართება და იქნება თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმის გაგრძელება, რომელიც კიევში სექტემბერში ჩატარდა.

„ჩვენ აქტიურად მივიწევთ წინ აშშ-თან ერთად იარაღის ერთობლივი წარმოების საკითხზე. ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ერთად და ეს აუცილებლად გააძლიერებს როგორც ამერიკელებს, ასევე უკრაინელებს და ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მრეწველობის ფორუმი კიევში სექტემბრის ბოლოს გაიმართა და უკრაინის პრეზიდენტმა თავდაცვის მრეწველობის ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადა. შეხვედრის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გამოაცხადა „ახალი ერა“ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში.