ვახტანგ გომელაური - სუს-ი იყენებს ყველა მექანიზმს, რათა ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებები დადგინდეს
ვახტანგ გომელაური - სუს-ი იყენებს ყველა მექანიზმს, რათა ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებები დადგინდეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რათა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშს წარადგენს.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, გასულ წელს არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მნიშვნელოვან საქმეებთან დაკავშირებით, საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო რეჟიმების მხრიდან სიმართლის დადგენის, დამნაშავეების დასჯის მიმართულებით ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა.

„ოკუპაციის მძიმე შედეგს წარმოადგენს 2019 წლის 10 მარტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული და მოგვიანებით გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საქმე. უსაფრთხოების სამსახური იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რათა მოხდეს კვარაცხელიას დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა, ხოლო საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. 2018 წელს გამოიკვეთა რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ მართული სახიფათო ტენდენცია, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებისთვის პრობლემების მიზანმიმართულად შექმნაში გამოიხატებოდა. დე ფაქტო რეჟიმებისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეხვედრების დღის წესრიგიდან, ულტიმატუმის სახით, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და ბაშარულის საკითხების ამოღება მოითხოვეს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ მათ „აიპიემერის“ შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. შედეგად, 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ გალის შეხვედრები კვლავ შეწყვეტილია. შესაბამის უწყებებთან ერთობლივი ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) დახმარებით, 2-თვიანი პაუზის შემდეგ აღდგა შეხვედრები ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „აიპიემერის“ შეხვედრებს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად განიხილავს.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნული შეხვედრებისა და მისი ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ იქნება მიმართული, სამსახურის მიერ აღიქმება მიზანმიმართულ პროვოკაციად. უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM), გაერო-ს, ევროსაბჭოს, ეუთო-სა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლობებთან“, – განაცხადა გომელაურმა.