ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით აგრძელებს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას
შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით აგრძელებს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
როგორც გომელაურმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, უწყების 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, ნატო-ს საიმედო პარტნიორი, საქართველო აქტიურად არის ჩართული შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
„ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების მიზნით გაღრმავდა თანამშრომლობა ევროპული საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან (FRONTEX).
2020 წლის 16 სექტემბერს მიღებული ევროპარლამენტის რეზოლუციით, დადებითად შეფასდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებებით.
სამინისტროში მიმდინარე რეფორმების პროცესში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების – ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას, რომლებიც წლების განმავლობაში ხელს უწყობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებას“, – განაცხადა გომელაურმა.