ვახტანგ გომელაური - არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე შემოსულ ათეულობით ინციდენტზე ჩვენი რეაგირება იყო მყისიერი
არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე შემოსულ ათეულობით ინციდენტზე ჩვენი რეაგირება იყო მყისიერი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, უწყების 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2020 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევები იყო არა მხოლოდ პანდემიასთან ბრძოლის, არამედ საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიმართულებითაც.
„სამინისტრო საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში უზრუნველყოფდა მართლწესრიგის დაცვას, რათა თითოეულ მოქალაქეს თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში დაეფიქსირებინა საკუთარი არჩევანი.
ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთაც პროაქტიულად მიეწოდებოდათ ინფორმაცია არჩევნების პერიოდში მომხდარი ინციდენტებისა და პოლიციის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასთან, საიდანაც არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე შემოსულ ათეულობით ინციდენტზე ჩვენი რეაგირება იყო მყისიერი“, – განაცხადა გომელაურმა.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა უწყების თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის.
„მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო შსს-ს ყველა თანამშრომელს, მართლა იმ ფასდაუდებელი და მუხლჩაუხრელი შრომისთვის, დაწყებული რიგითებიდან დამთავრებული ხელმძღვანელი პირებით. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩემს მოადგილეებს, ნამდვილად რთული წელი იყო, იყო პანდემია, ამას დაემთხვა არჩევნები და რაც მთავარია კრიმინალთან ბრძოლა, ვფიქრობ ცუდად არ გავართვით თავი ერთად მუშაობით“, – განაცხადა გომელაურმა.