უკრაინის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღში კორონავირუსი გავრცელდა
უკრაინის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღში კორონავირუსი გავრცელდა

უკრაინაში, კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღში კორონავირუსი გავრცელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, იგორ საპოჟკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული მონაცემებით, საბავშვო ბაღში ინფიცირებულია ცხრა ბავშვი და ოთხი ზრდასრული.

მერის განცხადებით, კორონავირუსით საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღმზრდელი დაავადდა, რის შემდეგაც ტესტი სასწავლო დაწესებულების ყველა იმ თანამშრომელსა და აღსაზრდელს ჩაუტარდა, რომლებსაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ.

ამჟამად საბავშვო ბაღი დაკეტილია. ყველა თანამშრომელი და აღსაზრდელების მშობლები, რომლებიც პირველი ივნისის შემდეგ იმყოფებოდნენ საბავშვო ბაღში, თვითიზოლაციაში არიან.

უკრაინაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 463 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა ცხრა ინფიცირებული.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 27 462 შემთხვევა, გარდაიცვალა 797 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 12 195 ინფიცირებული.