თურქეთის, რუსეთისა და გაერო-ს წარმომადგენლებმა ლიბიის საკითხზე იმსჯელეს
თურქეთის, რუსეთისა და გაერო-ს წარმომადგენლებმა ლიბიის საკითხზე იმსჯელეს

თურქეთის, რუსეთისა და გაერო-ს წარმომადგენლებმა მოსკოვში ლიბიის მომავალთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ლიბიაში 24 დეკემბრისთვის დაგეგმილი არჩევნების მხარდაჭერის მიზნით, საჭიროა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე გაერო-ს მიერ კონტროლირებადი საერთაშორისო ინიციატივების გაძლიერება.

აქვე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სედათ უნალმა, რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მიხაილ ბოგდანოვმა, ასევე ლიბიაში გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა იან კუბისმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა „ეროვნული ერთიანობის მთავრობის“ (Government of National Unity – GNU) სახელით ცნობილი ამჟამინდელი გარდამავალი ხელისუფლების მიმართ.

მოსკოვში ჩატარებული შეხვედრა წინ უძღვის ივნისის ბოლოს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გასამართ მოლაპარაკებებს ლიბიის საკითხზე.

ბერლინის მოლაპარაკებებზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი სახელმწიფოს (აშშ, ჩინეთი, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი) საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის, იტალიისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენლებიც.

ლიბიის სამოქალაქო ომი 2011 წელს, მუამარ კადაფის ხელისუფლების დამხობის შემდეგ დაიწყო. ამჟამად, ეს სახელმწიფო ორ დაპირისპირებულ მხარედ არის გაყოფილი. ქვეყნის დასავლეთ ნაწილს დედაქალაქ ტრიპოლიში არსებული „ეროვნული თანხმობის მთავრობა“ აკონტროლებს, რომელსაც გაერო აღიარებს. აღმოსავლეთი ნაწილი კი მეამბოხე გენერალ ხალიფა ჰაფთარის „ლიბიის ეროვნული არმიის“ კონტროლქვეშაა. ამ ორ მხარეს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 2020 წლის ოქტომბერში გაფორმდა.