თსუ-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა
თსუ-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც 40-ზე მეტმა დამსაქმებელმა მიიღო მონაწილეობა.

კერძო და საჯარო სფეროს წარმომადგენელმა კომპანიებმა და ორგანიზაციებმა სტუდენტებს სტაჟირების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობა გააცნეს.

ფორუმის მონაწილე დამსაქმებლები წარმოადგენენ საბანკო და საფინანსო, დაზღვევის, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროებს, მსხვილ სავაჭრო და სადისტრიბუციო ქსელებს, მომსახურებისა და ტურიზმის სფეროებს, სხვადასხვა პროფილის საკონსულტაციო და კვლევით ორგანიზაციებს. კერძო კომპანიების გარდა, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყვნენ საჯარო სფეროს დამსაქმებლებიც: სამინისტროები და სხვა საჯარო სამსახურები მათდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებთან ერთად.

დასაქმების ფორუმი, რომელიც თსუ-ში უკვე მეხუთედ ტარდება, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ მათთვის სასურველი კომპანიებისა და ორგანიზაციების ადამიანური რესურსების განყოფილებების წარმომადგენლებს, წარუდგინონ საკუთარი თავი, მიიღონ ინფორმაცია პოტენციური დამსაქმებლის მიმდინარე თუ სამომავლო საკადრო საჭიროებებზე.