„თიბისი ბანკი“ მადლობას უხდის „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა​“ და „საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას“​ მხარდამჭერი განცხადებებისთვის
„თიბისი ბანკი“ მადლობას უხდის „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა​“ და „საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას“​ მხარდამჭერი განცხადებებისთვის

„თიბისი ბანკის“ ჯგუფი მადლობას უხდის „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა“ (EBRD) და „საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას“ (IFC) თიბისი ბანკის შესახებ გავრცელებული მხარდამჭერი განცხადებებისთვის. აღნიშნული განცხადება „თიბისი ბანკის“ ჯგუფმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა.

ამ განცხადებას თან ახლავს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის კომენტარიც, რომელშიც აღნიშნულია, რომ „თიბისი ბანკს“ პარტნიორ ინსტიტუტებთან ორი ათეული წლის ურთიერთობა აკავშირებს და მათი მხარდაჭერა ბანკის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო.

„ჩვენი ურთიერთობა EBRD-სა და IFC-თან ორ ათეულ წელს ითვლის, მათი მხარდაჭერა და თანამშრომლობა თიბისი ბანკის წარმატებისა და განვითარებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო. ჩვენ მივესალმებით და ვაფასებთ მათ ბოლოდროინდელ, მხარდამჭერ საჯარო განცხადებებს თიბისი ბანკის გარშემო და ველით, რომ ჩვენი გრძელვადიანი, წარმატებული ურთიერთობა, მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში“ (EBRD) „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის საკითხზე განცხადება გაკეთდა.

„ველოდებით სამართლიან და ტრანსპარენტულ პროცესს, სწრაფი გადაწყვეტილებით, ბანკის ოპერაციებზე ნეგატიური ზეგავლენის გარეშე“, – აცხადებენ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში“.

განცხადება გაკეთდა „საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში“ (IFC). „საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია“ მიესალმება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაწყვეტილებას საბჭოში თანამდებობების დატოვების შესახებ.