თეთრი სახლი - ზელენსკისთან საუბრისას ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა გადამწყვეტი პასუხისთვის, თუკი რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება
თეთრი სახლი - ზელენსკისთან საუბრისას ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა გადამწყვეტი პასუხისთვის, თუკი რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება

თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. თეთრი სახლის ცნობით, საუბრისას ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა, თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გადამწყვეტი პასუხი გასცეს, თუკი რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება. მან ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ბაიდენმა ცხადყო, რომ კიევში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების ქვეყნიდან გამგზავრების მიუხედავად, საელჩო ღია რჩება და სრულად ფუნქციონირებას განაგრძობს.

ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს კოორდინირებული დიპლომატიური ძალისხმევა ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვეს პრინციპს – „არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე“.

ამავე ინფორმაციით, ბაიდენმა ასევე მხარდაჭერა გამოხატა ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევისადმი და იმედი გამოთქვა, რომ 26 იანვარს მხარეების მიერ 2020 წლის ივლისის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირობების დადასტურება ხელს შეუწყობს დაძაბულობის განმუხტვას და მინსკის შეთანხმებების შესრულებას. ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ-მა უკრაინას განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების სახით ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყო გასული წლის განმავლობაში და განიხილავს დამატებითი მაკროეკონომიკურ მხარდაჭერას, რათა დაეხმაროს უკრაინის ეკონომიკას რუსეთის სამხედრო მობილიზებით გამოწვეული ზეწოლის პირობებში.