ტედროს გებრეისუსი მოუწოდებს ჩინეთს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს „კოვიდ-19“-ის წარმოშობის დადგენის მიზნით გამოძიების მეორე ფაზაში
ტედროს გებრეისუსი მოუწოდებს ჩინეთს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს „კოვიდ-19“-ის წარმოშობის დადგენის მიზნით გამოძიების მეორე ფაზაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი მოუწოდებს ჩინეთს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს „კოვიდ-19“-ის წარმოშობის დადგენის მიზნით დაგეგმილი გამოძიების მეორე ფაზაში.

ჟენევაში გამართულ პრესკონფერენეციაზე ტედროს გებრეისუსმა მოუწოდა პეკინს, უფრო გამჭვირვალე იყოს და მეტ ინფორმაციასთან წვდომა უზრუნველყოს.

მისივე თქმით, ჩინეთმა გამოძიების პირველ ეტაპზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საჭირო ინფორმაცია არ მიაწოდა. მისივე განცხადებით, აუცილებელია, ჩინეთის მთავრობამ უფრო მკაფიო და ნათელი ინფორმაცია მიაწოდოს გამომძიებლებს უხანში მდებარე ლაბორატორიის შესახებ.

ტედროს გებრეისუსმა ასევე განცხადა, რომ პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია და მსოფლიო „კოვიდ-19“-ის უფრო საშიში ახალი შტამების გავრცელების ზღვარზეა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოძიების პირველი ფაზა, რომლიც „კოვიდ-19“-ის წარმოშობის დადგენას ისახავდა მიზნად, თებერვალში დასრულდა. ექსპერტების დასკვნით, ვერსია, რომ ვირუსი ლაბორატორიიდან გავრცელდა, ნაკლებად სარწმუნოა.