ტედროს ადანომ გებრეისუსი - უდიდესი საფრთხე, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, არა თავად ვირუსი, არამედ გლობალური სოლიდარობისა და ლიდერობის ნაკლებობაა
ტედროს ადანომ გებრეისუსი - უდიდესი საფრთხე, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, არა თავად ვირუსი, არამედ გლობალური სოლიდარობისა და ლიდერობის ნაკლებობაა

პანდემიის წინააღმდეგ გლობალური ლიდერობისა და სოლიდარობის ნაკლებობა მსოფლიოს წინაშე არსებული უდიდესი საფრთხეა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ ვირტუალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსის პანდემიის პოლიტიზაცია მხოლოდ ამწვავებს მას.

„მსოფლიოს უკიდურესად სჭირდება ეროვნული ერთიანობა და გლობალური სოლიდარობა. პანდემიის პოლიტიზაცია მხოლოდ ამწვავებს მას“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

„უდიდესი საფრთხე, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, არა თავად ვირუსი, არამედ გლობალური სოლიდარობისა და გლობალური ლიდერობის ნაკლებობაა“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ასევე თქვა, რომ პანდემიის ტემპები კვლავ ჩქარდება და მისი ეკონომიკური და სხვა შედეგები საგრძნობი იქნება ათწლეულების განმავლობაში.