თედო ჯაფარიძე - საქართველო ყოველთვის იყო და არის პროდასავლური კურსის ერთგული
აშშ-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და პროდასავლურ კურსზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძემ კონფერენციაზე – „საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე: საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი“, რომელიც ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრში გაიმართა.
თედო ჯაფარიძე კონფერენციის ერთ-ერთ პანელზე სიტყვით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილესთან, „ლევან მიქელაძის ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარე რიჩარდ არმიტიჯთან ერთად გამოვიდა.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ისტორიულ მიღწევებზე და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო და არის პროდასავლური კურსისა და ღირებულებების ერთგული.
კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯიტ ბრინკი, საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე, აშშ-ის ყოფილი ელჩები საქართველოში, ამერიკის კვლევითი ორგანიზაციების და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები, ასევე ღონისძიების ორგანიზატორები – საქართველო-ამერიკის ასოციაცია, „ლევან მიქელაძის ფონდი“ და სხვა.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.