თეა წულუკიანმა ნინო ლომჯარიას მიმართა - ხომ მაქვს უფლება, მეგონოს, რომ თქვენ პიროვნულად მერჩით
თეა წულუკიანმა ნინო ლომჯარიას მიმართა - ხომ მაქვს უფლება, მეგონოს, რომ თქვენ პიროვნულად მერჩით

სახალხო დამცველთან კითხვა მაქვს, თუ რატომ არ მოითხოვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე  სუბკულტურის შესახებ საუბარი, ვიდრე მე მინისტრის თანამდებობაზე ვიქნებოდი, – ასე მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, რჩება შთაბეჭდილება, რომ სახალხო დამცველის კითხვები პენიტენციური სამსახურის შესახებ საზოგადოებაში აზრის ჩამოყალიბებას ემსახურება, „თითქოს რაღაც ვერ კეთდება ისე როგორც უნდა გაკეთდეს“.

„მადლობა მინდა ვუთხრა ომბუდსმენს იმასთან დაკავშირებით, რომ არ გააფორმა საკითხი ისე, თითქოს საქართველოში სუბკულტურა ვითარცა ძველი დროის ურდო ისე შემოესია ქვეყანას, როდესაც მე შევიერთე პარლამენტის გადაწყვეტილებით პენიტენციური სისტემა. მადლობა ამისთვის. მე მოლოდინი მქონდა, რომ საქართველოში საერთოდ სუბკულტურის და კრიმინალური მენტალიტეტის გაჩენა ჩემს სახელთან იქნებოდა დაკავშირებული. პირდაპირ არის ანგარიშში, რომ ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის დამახასიათებელი სენია. მადლობა ამისთვის. ასევე 2017 და 2018 წელსაც, როდესაც მე არ გახლდით პენიტენციური სამსახურის მინისტრი, იგივე სახალხო დამცველი აღნიშნავდა, რომ ციხეებში სუბკულტურა არსებობს.

აქ ქალბატონმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ კითხვებია და საჭიროა პასუხები გავცეთო. მეც მაქვს კითხვა. რატომ არ მოითხოვეთ, ვიდრე მე არ დამინახეთ მინისტრის პოზიციაზე, ამ კომიტეტში სუბკულტურის შესახებ საუბარი და სუბკულტურის შესახებ საკითხების განხილვა. ან მოითხოვეთ და არ დაგიკმაყოფილათ ქალბატონმა ეკა ბესელიამ, ეს არ მგონია. მე ვფიქრობ და მაქვს ეჭვი, რომ დღევანდელი განხილვა თქვენ მოითხოვეთ, რათა ჩემთვის პირადად დაგსვათ კითხვები და შეგექმნათ საზოგადოებაში აზრი, თითქოს რაღაც ვერ კეთდება ისე, როგორც უნდა გაკეთდეს. ხომ მაქვს უფლება მეგონოს, რომ თქვენ მე პიროვნულად მერჩით. თუმცა ვიცი, რომ ეს ასე არ არის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა იმართება, სადაც მინისტრსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უსმენენ. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პენიტენციურ დაწესებულებებში ომბუდსმენის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა.  საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მონიტორინგისა და მიდევნების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დაწესებულებებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, ციხის კრიმინალური სუბკულტურა პატიმრებს არასათანადო მოპყრობის, მათ შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობის საფრთხეს უქმნის.