თეა წულუკიანი - უნდა შევისწავლოთ უცხოური ქვეყნების გამოცდილება, როგორ ფუნქციონირებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოები
თეა წულუკიანი - უნდა შევისწავლოთ უცხოური ქვეყნების გამოცდილება, როგორ ფუნქციონირებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოები

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებაზე დასავლური და ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაცნობა აუცილებელია.

როგორც წულუკიანი ამბობს, მზად არის, აღნიშნულ საკითხზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ერთად იმსჯელოს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ ერთადერთი რჩევა მექნებოდა, რომ სანამ რაიმე სახის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დავსხდეთ და განვიხილოთ. მზად ვარ, ამაში ჩავერთო და ყველა დასავლური და ევროპული ქვეყნის გამოცდილება შევისწავლოთ, ვნახოთ, ამ ქვეყნებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოები როგორ ფუნქციონირებენ.

ზოგიერთ ქვეყანაში ამას მოსამართლეთა უმაღლესი კოლეგია და საბჭო ეწოდება. ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ. ოქროს შუალედი რისთვის? – იმისთვის, რომ ხანდახან საბჭომ იუსტიციის სამინისტროს, ჟურნალისტის, ადვოკატის, გარეშე პირებისა თუ ქუჩაში შემთხვევით გამვლელი პირის, თვალისა და ყურის მიღმა მუშაობა შეძლოს, რადგან მათ სამუშაო პირობებში განსახილველი ძალიან ბევრი სერიოზული საკითხი აქვთ.

ვიმსჯელოთ იმაზე, როდის უნდა იყოს ამგვარი სხდომები მთლიანად ღია. ეს როგორც პარლამენტში ხდება, როცა კომიტეტის სხდომაზე მისვლა შეგვიძლია. უცხოური გამოცდილების ნახვა და ოქროს შუალედის პოვნა აუცილებელია – სხდომა იყოს გამჭვირვალე, მაგრამ სამუშაო პირობები უნდა იყოს შექმნილი. ეს სასიცოცხლოა იმისთვის, რომ საბჭომ მოსამართლეთა კორპუსისადმი ნდობის აღდგენის პროცესში მონაწილეობა მიიღოს“, – აცხადებს წულუკიანი.

მინისტრი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, სხდომის ღიაობისა თუ დახურვის პროცედურა რეგლამენტში გაიწერება თუ კანონში.

„ეს კანონით გაიწერება თუ რეგლამენტით, ვფიქრობ, ამაზე ახლა არ უნდა ვიმსჯელოთ. ახლა მსჯელობის საგანია ის, არსებობს თუ არა საუკეთესო გამოცდილება ევროპულ ქვეყნებში და როგორია ეს გამოცდილება. როცა ოქროს შუალედზე შევჯერდებით, ანუ რა არის ქვეყნისთვის უკეთესი, ეს კანონში ან რეგლამენტში შემდეგ უნდა ავსახოთ“, – განაცხადა მინისტრმა.