თეა წულუკიანი - „ნაციონალური მოძრაობა“ ის ომის პარტიაა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს რეალურად სამართლებრივ დავას არ აწარმოებდა რუსეთის წინააღმდეგ არც ჰააგაში და არც სტრასბურგში
თეა წულუკიანი - „ნაციონალური მოძრაობა“ ის ომის პარტიაა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს რეალურად სამართლებრივ დავას არ აწარმოებდა რუსეთის წინააღმდეგ არც ჰააგაში და არც სტრასბურგში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ვიცე-პრემიერების, მინისტრების, დეპუტატების თუ სხვების, ვისაც ხელისუფლება ჰქვია, ვერ ნახავთ ვერც ერთ განცხადებას, რომელიც მიმართულია უკრაინელი ხალხის ინტერესის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში განაცხადა.

როგორც წულუკიანმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველა ის ქონება და აქტივი, რომელზეც საქართველოს ეკონომიკური სიძლიერე უნდა ეფუძნებოდეს, რუსებს მიჰყიდა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ აბსოლუტურად დაუშვებელია საქართველოსთვის სუვერენული სახელმწიფოს, უკრაინის ამ ფორმით ხელყოფა, რომ ეს ომი არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაა, მაგრამ პრობლემა გვაქვს იმასთან, რომ, რაც უნდა თქვას ამ ხელისუფლებამ, ომის პარტიისთვის არაფერი დამაკმაყოფილებელი არ არის. ისინი მიიჩნევენ, რომ ერთადერთი ძალაა, რომელსაც აქვს მონოპოლია სიკეთეზე, სინათლეზე, გაბრწყინებაზე, დასავლელობაზე, ევროპელობაზე და ყველა იმ ღირებულებაზე, რომლის მატარებლებიც ისინი რეალურად არ არიან.

ყველას ახსოვს ის, რომ სწორედ ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველა ის ქონება და აქტივი, რომელზეც საქართველოს ეკონომიკური სიძლიერე უნდა ეფუძნებოდეს, მიჰყიდეს რუსებს. ეს მათ გააკეთეს და არა ჩვენ. ეს ის ომის პარტიაა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს რეალურად სამართლებრივ დავას არ აწარმოებდა რუსეთის წინააღმდეგ არც ჰააგაში და არც სტრასბურგში. ახლა უკვე ვფიქრობ, რომ განზრახ, ადრე უცოდინრობის შედეგი მეგონა, იმდენად არაკომპეტენტურად, აწარმოეს პროცესი ჰააგაში, რომ მათ ეს დავა წააგეს. სტრასბურგში ისეთი დავა დაგვიტოვეს, რომ შემდეგ ამის გამოსწორებასა და დავის მოგებას რუსეთის წინააღმდეგ ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა და მე ამ დროს მქონდა პატივი, იუსტიციის მინისტრი ვყოფილვიყავი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა „იმედი LIVE“-ის ეთერში.