თეა წულუკიანი - „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს გეგმაში არჩევნები, გეგმაში აქვთ, რომ იყოს დაპირისპირება და კიდევ შეეცადონ, არალეგიტიმური, უკანონო მეთოდებით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ეს ვერ მოხდება
თეა წულუკიანი - „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს გეგმაში არჩევნები, გეგმაში აქვთ, რომ იყოს დაპირისპირება და კიდევ შეეცადონ, არალეგიტიმური, უკანონო მეთოდებით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ეს ვერ მოხდება

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს გეგმაში არჩევნები, გეგმაში აქვთ, რომ იყოს დაპირისპირება, კიდევ შეეცადონ, რომ არალეგიტიმური და უკანონო მეთოდებით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ეს ვერ მოხდება, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სუს-ის მიერ სახელმწიფოს დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე დაწყებული გამოძიების კომენტირებისას გააკეთა.

„გუშინ ვნახეთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა ის გამოძიება, რომელსაც აწარმოებს. ეს გახლავთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ფაქტები, რომელზეც ის აწარმოებს სხვადასხვა სამუშაოს გამოძიების ფარგლებში. იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე დავინახავთ შედეგს, მაგრამ შედეგის დანახვამდე, ერთ არის ნათელი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ამას ყოველთვის ვამბობდით, ფაქტებითაც ვაჩვენებდით, რა თქმა უნდა, არ აქვს გეგმაში არჩევნები, მათ აქვთ გეგმაში, რომ იყოს კიდევ დაპირისპირება, კიდევ შეეცადონ, რომ არალეგიტიმური და უკანონო მეთოდებით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ეს ვერ მოხდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ სააკაშვილის მე-8 ან სხვა დაწესებულებაში შესაძლო ეტაპირების შემთხვევაში, იგეგმება დესტრუქციული ქმედებები, რომლის მიზანია უკონტროლო ვითარების შექმნა. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით, შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას.

ამასთან, ბრიფინგზე გამოაქვეყნეს აუდიოჩანაწერის ნაწილი, რომლშიც ფიგურირებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო წერედიანი.