თეა წულუკიანი - მნიშვნელოვანია, გამოძიებამ გასცეს პასუხი, როგორ გაკეთდა ჩანაწერები ციხის კედლებში, ვინ გააკეთა, როგორ მოხვდა საჯარო სივრცეში
თეა წულუკიანი - მნიშვნელოვანია, გამოძიებამ გასცეს პასუხი, როგორ გაკეთდა ჩანაწერები ციხის კედლებში, ვინ გააკეთა, როგორ მოხვდა საჯარო სივრცეში

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, გამოძიებამ პასუხი გასცეს კითხვებს, რომლებიც ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით არსებობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიება იმ საქმეზე, რასაც ჰქვია ჩანაწერების გაკეთება ციხის პირობებში. გამოძიება დაწყებულია უკვე რამდენიმე დღეა, ბევრად ადრე ვიდრე ერთ-ერთი ტელევიზია გაავრცელებდა. მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოძიებამ გასცეს პასუხი კითხვებს, როგორ მოხდა ამ ჩანაწერების გაკეთება ციხის კედლებში, ვინ გააკეთა ეს და როგორ მოხდა ამ ჩანაწერების გატანა და შემდეგ მოხვედრა საჯარო სივრცეში. პროცესების ეს ჯაჭვი არის გამოძიების თემა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრომ ახლახან მიიღო სასჯელაღსრულების სისტემა თავის წიაღში.

„ეს გახლავთ სპეციალური პენიტენციური სამსახური. ამიტომ არავის გაუკვირდება, რომ ვინ ვინ და მე ერთ-ერთი ის ადამიანი ვარ, ვინც ყველაზე ყურადღებით ვაკვირდები გამოძიებას და ძალიან დიდი ინტერესით ველოდები შედეგსაც, რადგან გამოძების შედეგებმა უნდა გვითხრას, თუ არის, სად არის გამოწვევა თუ პრობლემა, რა უნდა გასწორდეს სასწრაფოდ, თუ გასასწორებელია და რა არის რეალურად მომხდარი, ამიტომ ეს გამოძიება არის უმნიშვნელოვანესი ყველასთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება ჩანაწერების შინაარსს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, ის არავისთან აპირებს დისკუსიაში ან პოლემიკაში შესვლას იმის შესახებ, თუ რა თქვა ამა თუ იმ კონკრეტულმა პატიმარმა, ვისზე თქვა და ვინ ვის რა უპასუხა, რადგან, მისივე თქმით, მირზა სუბელიანი პატიმარია.

„ის გახლავთ ბრალდებული, ის ბრძანდება ერთ-ერთ დაწესებულებაში, რომელიც სულ ახლახანს გახდა იუსტიციის სამინისტროს ნაწილი, ამიტომ ვთვლი, რომ იუსტიციის მინისტრი არ უნდა შედიოდეს პატიმართან დისკუსიაში. ეს არ არის ჩემი საქმე. არც არასდროს გავაკეთებ. მე მაქვს ერთადერთი საქმე, რომ იმ პატიმრებს, რომლებიც არიან პენიტენციურ დაწესებულებებში, ჰქონდეთ კარგი მატერიალური პირობები, კიდევ უკეთესი პირობები, ვიდრე შეიძლება მათ დღეს აქვთ და მე დამხვდა, რომ მუდმივად ვზრუნავდეთ გაუმჯობესებაზე და არ გავჩერდეთ ერთ ადგილას და არ დავკმაყოფილდეთ იმ მიღწევებით, რაც აქამდე იყო. ამიტომ პატიმრებზე სხვა არაფერი მაქვს სათქმელი, რა გვარისაც არ უნდა იყვნენ ისინი. იქნება ეს მერაბიშვილი, სუბელიანი თუ სხვა. მე კანონით მევალება მათზე ზრუნვა და მე რა თქმა უნდა, ვარ და ვიქნები მათზე მზრუნველი. იქნება ეს ჯანმრთელობა, საკანში პირობები თუ სხვა . ამიტომ ჩემი თემა, რა თქვა სუბელიანმა, ვერასოდეს იქნება. მე ერთადერთი შემიძლია მას ვუსურვო, როგორც ყველა პატიმარს, გამძლეობა და მალე გათავისუფლება საპატიმროდან“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.