„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ - რას ყვება საქმის ერთ-ერთი მოწმე საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ - რას ყვება საქმის ერთ-ერთი მოწმე საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში

სტრასბურგში საქართველო ამტკიცებდა, რომ რუსები იყვნენ ოკუპანტები და ძალიან გამიხარდა, ჩემ გარშემო ყველას გაუხარდა, ეს იყო ალბათ ამ ბოლო დროს ყველაზე დიდი მიღწევა, როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენთვის, თითოეული დევნილისთვის, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ 33 მოწმიდან ერთ-ერთმა, რომლებიც საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მოწმის სახით გამოკითხა.

„იმედი მოგვეცა, რომ უკან დავბრუნდებით, დაბრუნების დიდი იმედია. პირველ რიგში, საქართველოს მთლიანობაა ჩვენთვის მთავარი და მეორე ყველაზე დიდი სურვილი, ნატვრა ყველა ქართველის და განსაკუთრებით, ნატვრა ჩვენი დევნილებისა, რომ ჩვენ ადგილებზე დავბრუნდეთ“, – აცხადებს ის.

მოწმე აღნიშნავს, რომ 2016 წლის მაისში იმყოფებოდა სტრასბურგში.

„ჩემს ჯგუფში იყო ექვსი მოწმე, აქედან სამი სამოქალაქო ვიყავით, სამი კიდევ სამხედრო ტყვეები. სამი ჯგუფი იყო ეტაპობრივად 2016 წელს. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ რუსეთის მხარე ძალიან კარგად იყო მომზადებული, ყველაფერი იცოდა დაწვრილებით. ცდილობდნენ ჩვენს ჩიხში მომწყვდევას, მაგრამ არ გამოუვიდათ. მე ვიყავი ტყვეობაში, 2008 წლის 10 აგვისტოს ამიყვანეს და რუსი მოსამართლე ცდილობდა, ეჩვენებინა, თითქოს ვიტყუებოდი. მაგრამ მე მგონი დავუმტკიცეთ, რომ ოსები მაგათი მოთამაშეები იყვნენ და პირველ რიგში ის დავუმტკიცეთ, რომ რუსი ჯარისკაცები იქ იყვნენ ნამდვილად. ჩვენი თვალით ვიხილეთ, მაგათ გადაწვეს ჩემ თვალწინ თამარაშენი და რა დღეში ჰყავდათ ცხინვალის იზოლატორში ტყვეები, ამას ყველაფერს როგორ ხელმძღვანელობდნენ რუსები. მკითხეს, ცხინვალში რომ ჩამოგიყვანეს, რა დაინახეო. ვთქვი, რომ გადამწვარი ცხინვალი ვნახეთ. ეს ვინ გააკეთაო, ხომ ქართველები გააკეთებდნენო, მე კი ვუთხარი, რომ ქართველი ვერ გააკეთებდნენ, ადგილობრივმა შეიძლება, ვიცოდე სად მთავრდებოდა თამარაშენი და სად მთავრდებოდა ცხინვალი, ოსების კონტროლირებადი ტერიტორია და რუსმა მფრინავმა რა იცოდა. შეიძლება, სულ თავისუფლად ჰგონებოდა, რომ თამარაშენს ბომბავდა.

მეკითხებოდნენ, რა ვიცოდი, რომ რუსის ჯარი იყო. ერთი ჯარისკაცი იყო ახალგაზრდა, ეტყობოდა, ახალწვეული იქნებოდა, ზედ ეწერა გვარი და სისხლის ჯგუფი და ისიც კი მახსოვდა – ჩირკოვი იყო გვარად და მეოთხე ჯგუფის სისხლი ჰქონდა. შეიძლება, ყველაფერი არ ახსოვდეთ ადამიანებს, მაგრამ ეს ომის პერიოდი იყო საშინელება. საშინელება დღესაც გრძელდება, რადგან ნოსტალგია მაქვს, ჩემი მიწა მენატრება, ჩემი ოსი მეგობრების მონატრებაც მაქვს“, – აცხადებს მოწმე.

სტრასბურგის სასამართლოს მოწმე ასევე დეტალურად იხსენებს 2008 წლის მოვლენებს და ტყვეობაში გატარებულ დღეებს.

„ჩვენ ვიყავით თამარაშენში 2008 წლის შვიდი აგვისტოდან, ყველა ამბობს რვა აგვისტოდან დაიწყო ომიო, მაგრამ ნამდვილად შვიდი აგვისტოდან დაირღვა საქართველოს ტერიტორიის მთლიანობა, გადმოვიდნენ როკის გვირაბით შვიდში და თამარაშენში ჩამოვიდნენ 10 აგვისტოს. 10 აგვისტოს დაბომბეს ჩვენ თვალწინ თამარაშენი, მიწასთან გაასწორეს, მიუხედავად იმისა, რომ დაგვინახეს, სად ვიყავით დამალული, ამან ხელი არ შეუშალა და მეზობლის ბინა მიწასთან გაასწორეს, ცეცხლი წაუკიდეს მეზობლების ბინებს. ამათ რომ ჩაიარეს, მერე ამათი ბრძანებით ცხინვალის პოლიცია ამოვიდა, აგვიყვანა ტყვედ და ჩაგვიყვანა ცხინვალის იზოლატორში.

მთლიანობაში ვიყავით 160 კაცზე მეტი და იზოლატორი, სადაც მოგვათავსეს, იყო დაახლოებით 150 კვადრატული მეტრი. ვიყავით საშინელ მდგომარეობაში, მდინარის წყალს, ლიახვიდან ამოღებულ წყალს გვისხამდნენ ჟანგიან კასრებში და იქიდან გვასმევდნენ. მამაჩემს იქიდან ინფექცია შეეჭრა, განუვითარდა სიმსივნე და გარდაიცვალა. იქ იყვნენ სულიერად დაავადებული, უნარშეზღუდული ადამიანები, 12 წლის ბავშვიც კი იყო. ამის გარდა, საცინად გვიგდებდნენ, ერთმა სამართებელიც კი ჩამოაგდო და გვანიშნებდა, ვენები როგორ უნდა გადაგვეჭრა. ეს იყო ჯოჯოხეთი. რუსები ჩვეულებრივად მიდიოდნენ-მოდიოდნენ. ერთხელ აგვიყვანეს, რუსების კაბინეტები დაგვალაგებინეს.

წითელი ჯვარის დახმარებით გამოვედით და გვაფრთხილებდნენ, რომ ზედმეტი არაფერი გვეთქვა, თორემ ყველგან მოგვაგნებდნენ. 10 აგვისტოდან 22 აგვისტომდე, დაახლოებით 12 დღე ვიყავი ტყვეობაში. წითელი ჯვრის დახმარებით, ჩამოგვიყვანეს გორში და გორიდან მერე გაგვანაწილეს. ჩვენს ტერიტორიაზე დევნილებად ვიქეცით.

მე არც პოლიტიკოსი ვარ, არც იურისტი, ჩემთან ერთად იყო მამაჩემიც, დედაჩემიც, მე არ ვიცოდი, ჩემი შვილი სად იყო. ის გამოვუშვი, მაგრამ დავრჩი ჩემი მშობლების გამო. რაც გადამხდა, ეს ემოციები არც ნათამაშები იყო და ჩვენი სიმართლე დავამტკიცეთ.

ძალიან დიდი იმედი მოგვეცა ყველას. 2008 წლის შემდეგ, ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ, როგორც ამ სტატუსის მინიჭებამ გამოიწვია ჩემში, რომ აღიარეს ბოლოს და ბოლოს, რუსეთი არის ოკუპანტი და იმედია, რომ თვითონაც აღიარებს ამას მალე“, – აცხადებს მოწმე.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ 21 იანვარს გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.