სოზარ სუბარი „ნაციონალურ მოძრაობას“ - წამების ადგილად გქონდათ გადაქცეული ციხე და კიდევ ციხეებზე ლაპარაკობთ, გრძელვადიანი პაემნების ოთახებში, საათზე ვიდეოკამერები გქონდათ ჩამონტაჟებული
სოზარ სუბარი „ნაციონალურ მოძრაობას“ - წამების ადგილად გქონდათ გადაქცეული ციხე და კიდევ ციხეებზე ლაპარაკობთ, გრძელვადიანი პაემნების ოთახებში, საათზე ვიდეოკამერები გქონდათ ჩამონტაჟებული

წამების ადგილად გქონდათ გადაქცეული ციხეები და თითოეული იქ მოხვედრილი ადამიანი ჯანმრთელი არ გამოდიოდა, 144 ადამიანი კვდებოდა წელიწადში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.

სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ოთ ხელიწადში 4-ჯერ გაიზარდა პატიმართა რაოდენობა.

„ეკა ხერხეულიძემ თქვა, რომ ის ხელისუფლება იყო, რომელმაც გუბერსკის ციხე დაანგრია, დიახ, მაგრამ ვიდრე დაანგრევდნენ, რამდენიმე დღით ადრე იქ შვიდი ადამიანი დახვრიტეს, რამდენიმე ასეული ადამიანი დაჭრილი გადაიყვანეს რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში ისე, რომ არც ერთს არ მკურნალობდნენ, არც ერთთან ექიმი არ იყო შესული, ვიდრე მე პირადად არ მივედი, ვიდრე სახალხო დამცველის ეგიდით ექიმები არ შევიყვანე. აღვწერე თითოეული მათგანის მდგომარეობა და კატეგორიულად არ მოვითხოვე, რომ ამ ადამიანებისთვის ემკურნალათ. აი, ეს უძღვოდა წინ დანგრევას. დანგრევას წინ უძღოდა ის, რომ ყოველ 20-კაციან საგანში იწვა 120-130 ადამიანი და რიგ-რიგობითაც ვერ წვებოდნენ საწოლზე, ზეწრებით იყვნენ ჩამოკიდებული ორსართულიან საწოლებზე, ისე ეძინათ. შენობაში შესვლის შემდეგ შეიძლება, ერთი კვირა ვერ მოგეშორებინა სუნი, ისეთი სუნი იყო. იქ არანაირი აბანო არ არსებობდა, ჰიგიენის საშუალებები არ არსებობდა. აი, ეს იყო გუბერსკის ციხე. როცა მე ვთქვი, რომ ე.წ. გუბერსკის ციხეს მართავენ კანონიერი ქურდები, გარჩევა მომიწყვეს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ორ თვეში, როდესაც ამ ციხიდან ერთ-ერთი კანონიერ ქურდი გადაიყვანეს გოგირდის აბანოებში და ეს ამბავი გასკდა, მერე გახდნენ იძულებული, რომ თვალი გაეხილათ, რა ხდებოდა. მაშინ მოხსნეს და გაათავისუფლეს ის ადამიანი, დეპარტამენტის უფროსი, რომლის მოხსნას მანამდე მე პარლამენტის ტრიბუნიდან ვითხოვდი.

ქალბატონმა ხატია დეკანოიძემ დღეს თქვა, რომ მთელი საქართველო ამ ხელისუფლებამ ციხის კარს მიაჯაჭვაო. ე.ი. 4 წელიწადში 4-ჯერ გაზარდეს პატიმრების რაოდენობა. 6 ათასიდან 24 150 ათასამდე და ეს ხელისუფლება გვეუბნება, რომ ამ ხელისუფლებამ თურმე მიაჯაჭვა ციხის კართან მთელი საქართველო. აღარ ვლაპარაკობ ახლა რა ხდებოდა იმ ციხეებში, როგორი წამება იყო“, – განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, 10 წლის განმავლობაში ერთადერთი საქმე წავიდა სტრასბურგში პატიმრის მიმართ არასწორ მოპყრობაზე, ის ერთი საქმეც იყო მიხეილ სააკაშვილის და ისიც ამორიცხა სტრასბურგმა, რადგან ჩათვალა, რომ ყველაფერი კარგად იყო.

„იმ რვა წლის განმავლობაში 95 საქმე აქვს წაგებული საქართველოს სტრასბურგში სწორედ წამების, ღირსების შემლახავი მოპყრობის გამო პატიმრებთან. 6 ათასი საჩივარი არის დაწერილი ღირსების შემლახავ მოპყრობაზე, ყველა სტრასბურგში არ არის წასული, 30 ათასი არის იმ წლებში დაწერილი პატიმრებისგან და აქედან 6 ათასი ღირსების შემლახავ მოპყრობაზე. მე მყავს აღმოჩენილი მეექვსე დაწესებულებაში პატიმრები, რომლებიც მთლიანად შიშვლები იყვნენ კარცერში ჩაგდებული და ისინი ზოგი ხუთი დღე, ზოგი შვიდი, ყველაზე მეტი 10 დღე იყვნენ იქ. წავიკითხავ გვარებს – გეგენავა, ავაკიანი, წურწუმია, ბუთხუზი, ქეცბაია, სექტემბერში იყო, აღმოვაჩინეთ, გამოვაშვებინეთ, მოვითხოვეთ დასჯა და ოქტომბრის ბოლოს კიდევ აღმოვაჩინეთ, ეს არ იყო ღირსების შემლახავი მოპყრობა, ეს იყო წამება კლასიკურ, რადგან ძალიან მაგრად ციოდა.

ეკა ხერხეულიძემ თქვა, ჩვენ გავხსენით გრძელვადიანი პაემნები, მანამდე არ იყოო. მანამდეც სააკაშვილი იყო იუსტიციის მინისტრი, რომ არ გააკეთა გრძელვადიანი პაემნები. დიახ, გააკეთეს სამ დაწესებულებაში იყო, თუ ოთხში დანარჩენგან არ იყო და ჩენ გავაკეთეთ. იმ სამ და ოთხ დაწესებულებაში იცით, რა აღმოვაჩინეთ, როცა შევედით – საწოლი სადაც იდგა, სადაც ცოლ-ქმარი უნდა იწვეს გრძელვადიანი პაემნის დროს, მეორე მხარეს იდგა საათი, კედელზე ჩამოკიდებული და თითოეულ ამ საათში ჩამონტაჟებული იყო ვიდეოკამერა. რას უყურებდბენ? ჩემი აღმოჩენილია და ვიდეოები მაქვს გადაღებული და ნუ მასწავლით, რა ხდებოდა. შიშველი პატიმრები რომ აღმოვაჩინე, ნუ მასწავლით, ახლა. სტრასბურგშია თითოეული ეს საქმე წასული. ყველაფერი ანგარიშში მიწერია. ეს ნაწილი ანგარიშში ვერ მოხვდა, რადგან ეს მაშინ აღმოვაჩინე, როცა მინისტრი ვიყავი.

144 ადამიანი რომ კვდებოდა წელიწადში, ესეც ტყუილია, ხომ? 50 პროცენტს რომ ჰქონდა „ცე ჰეპატიტი“, ესეც ტყუილია, ხომ? და არც ერთს რომ არ მკურნალობდით? სკრინინგი რომ გქონდათ აკრძალული. ერთი ადამიანი, რომელზეც დაადგინა სტრასბურგმა, რომ ამ ადამიანს უმკურნალეთო, ციხიდან გაუშვეს, რომ არ ემკურნალათ და გარდაიცვალა.

ეს იყო თქვენი ციხეები და დღეს ციხეებში ლაპარაკობთ კიდევ. წამების ადგილად გქონდათ გადაქცეული ციხეები და თითოეული იქ მოხვედრილი ადამიანი ჯანმრთელი არ გამოდიოდა. ამიტომ იყო, რომ 144 ადამიანი კვდებოდა წელიწადში და ამიტომ იყო, რომ ყოველ მეორე ადამიანს ჰქონდა „ცე ჰეპატიტი“. ეგ იყო თქვენი ციხეები და ეგ იყო თქვენი მიდგომა. სააკაშვილზე რომ ლაპარაკობთ, მთელმა საქართველომ ნახა, როგორ დაესხა თავს ციხის თანამშრომელს როგორ აყენებდა შეურაცხყოფს სიტყვიერს, ფიზიკურს და როგორ დაამსხვრია სამედიცინო აპარატურა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.