სოფო კილაძე - ადამიანის ღირსების შელახვის ყველა გამოვლინებას საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს
სოფო კილაძე - ადამიანის ღირსების შელახვის ყველა გამოვლინებას საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ადამიანის ღირსების შელახვის ყველა გამოვლინებას საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

სოფო კილაძე ჟურნალისტებთან საუბარში მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სტანდარტი დამკვიდრდა, რომ ადამიანებს პარტიული კუთვნილებით არ არჩევენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი სტრუქტურები ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებენ, რათა მსგავსს საკითხებზე ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება მოხდეს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მნიშვნელოვანია, რომ კანონი ყველას თანაბრად შეეხოს მერი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პირი“, – განაცხადა კილაძემ.

მარნეულში ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. დაკავებულია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი. აბაზოვი გვიან ღამით პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც, პირველი არხის წყაროს ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებამ მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.

მოქალაქის მიმართ შესაძლო დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში სხვადასხვა ჯგუფებში ვრცელდებოდა. მოგვიანებით, მომხდარ ფაქტზე „სტუდია მონიტორმა“ რეპორტაჟი მოამზადა. რეპორტაჟში საუბარია იმაზე, რომ პირი, რომელიც სავარაუდოდ დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლია, რამდენიმე დღის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ჩაწერილ ვიდეოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.