შრი-ლანკის სანაპიროსთან ქიმიური ნივთიერებებით დატვირთულ გემზე ცეცხლის ჩაქრობას უშედეგოდ ცდილობენ
შრი-ლანკის სანაპიროსთან ქიმიური ნივთიერებებით დატვირთულ გემზე ცეცხლის ჩაქრობას უშედეგოდ ცდილობენ

შრი-ლანკის სანაპიროსთან ქიმიური ნივთიერებებით დატვირთული გემი იწვის. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სინგაპურში დარეგისტრირებულმა გემმა MV X-Press Pearl შრი-ლანკის სანაპიროსთან ღუზა 20 მაისს ჩაუშვა, როდესაც გემბანზე ცეცხლი გაჩნდა. გემს 1 486 კონტეინერი გადაჰქონდა, მათ შორის 25 ტონა აზოტის მჟავა, ასევე სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება და კოსმეტიკა.

20 მაისიდან მოყოლებული, ქვეყნის მიერ მობილიზებული სამაშველო ძალები ცეცხლის ჩაქრობას უშედეგოდ ცდილობენ. გემბანიდან, ქიმიური ნივთიერებებით დატვირთული აალებული კონტეინერები ზღვაში ჩაცვივდა, რამაც სანაპირო ზოლზე პლასტმასის გრანულების მიმოფანტვა გამოიწვია.

სამაშველო ძალები აალებული გემის უფრო ღრმა წყლებში გადაყვანას ცდილობენ. სანაპირო ზოლის გასუფთავების მიზნით, შრი ლანკის ხელისუფლების მიერ ასობით ჯარისკაცია მობილიზებული. გარდა ამისა, მთავრობამ 80-კილომეტრიანი სანაპირო ზოლის გასწვრივ თევზაობა აკრძალა. ექსპერტების შეფასებით, გემის ჩაძირვა და მასზე არსებული ქიმიური ნივთიერებების ზღვაში გაჟონვა, ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე დიდ ეკოლოგიურ კრიზისს გამოიწვევს.