შალვა პაპუაშვილი - ირაკლი კობახიძეს არ უგულისხმია, ვიღაცას რაღაც ფიზიკურად შეეძლო თუ არა, ესეც სპეკულაციის ნაწილია, თავგანწირვაში ეჭვი არავის ეპარება, გვყავს 210 მამაცი მოქალაქე, ვინც სტიქიას გადაურჩა
შალვა პაპუაშვილი - ირაკლი კობახიძეს არ უგულისხმია, ვიღაცას რაღაც ფიზიკურად შეეძლო თუ არა, ესეც სპეკულაციის ნაწილია, თავგანწირვაში ეჭვი არავის ეპარება, გვყავს 210 მამაცი მოქალაქე, ვინც სტიქიას გადაურჩა

ყველანაირად ცდილობენ, ყველა სიტყვა გაატარონ იმ კონტექსტში, როგორც არ იყო ნათქვამი და სიძულვილი გამოიწვიონ, მათ შორის, დაზარალებულები გამოიყენონ ამისთვის. ეს არის ნაწილი იმ ისტერიისა და დეზინფორმაციისა, რასაც სტიქიის პირველივე წუთიდან ცდილობდნენ ოპოზიცია და გარკვეული ჯგუფები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებული განცხადებებიც ამგვარი სპეკულაციის ნაწილია.

„ესეც არის სწორედ იმ სპეკულაციის ნაწილი, რომელსაც ვაკვირდებით და სურვილი, რომ შემოიტანონ უთანხმოების ატმოსფერო. ირაკლი კობახიძეს არ უგულისხმია, ვიღაცას რაღაც ფიზიკურად შეეძლო თუ არ შეეძლო. მან საკუთარი თვალით ნახა, რა მასშტაბის იყო იქ სტიქია, ბევრი რამ დაუჯერებელი არის და ვხედავდით მაშველებს, როგორ უჭირდათ მუშაობა. რაც შეეხება მოქალაქეებს, ვინც გადარჩნენ, არავის თავგანწირვაში არავის ეჭვი არ ეპარება. პირიქით, გვყავს 210 მამაცი მოქალაქე, ვინც სტიქიას გადაურჩა, ვინც არ ჩავარდა პანიკაში, რომლებმაც დროულად იმოქმედეს და დაეხმარნენ გვერდით მდგომებს. „სანსეტ შოვის“ პერსონალი, ვინც დამსვენებლები გამოიყვანა სამშვიდობოზე, რუსთავის სკოლის მოსწავლეები ამ სტიქიის გამო მოსწყდნენ გარემოს და სიმშვიდე შეინარჩუნეს. ყველა ამ მოქალაქეს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა. მინდა, ხაზი გავუსვა გლოლელების სიმამაცეს, რომლებიც პირველები იყვნენ ეპიცენტრში, თუმცა მათაც დასჭირდათ გარკვეული პერიოდი, ვინაიდან ხიდი იყო მოწყვეტილი და შემოვლით იარეს. ყველა ამ ადამიანმა გამოიჩინა სიმამაცე. რთულია იმ ადამიანების ემოციურ მდგომარეობაში შევიდეთ, როცა ხარ ეპიცენტრში, ეს შიშის გრძნობაც არის, მაგრამ გარკვეულ მობილიზებასაც იწვევს. ამის მაგალითები ვნახეთ სხვადასხვა მოქალაქის მხრიდან, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებოდნენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.