საქართველოს ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს
საქართველოს ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრი არქიბიშოპ პოლ რიჩარდ გალაჰერი სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში, ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრის ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, შეხვედრაზე ორმხრივ ურთირთიერთობებზე, საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე, მცოცავ ოკუპაციასა და ადამიანების გატაცებაზე ისაუბრეს. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვატიკანი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ვიზიტის ფარგლებში, არქიბიშოპ პოლ რიჩარდ გალაჰერი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, ასევე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება. ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. დაგეგმილია მინისტრის სიტყვით გამოსვლა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში.

ამასთან, წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში ჩავა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა. არქიბიშოპ პოლ რიჩარდ გალაჰერი მცხეთასაც ეწვევა და სვეტიცხოველსა და ჯვრის მონასტერს მოინახულებს.