საქართველოს პირველ არხზე მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმების პროექტების მიღება იწყება
საქართველოს პირველ არხზე მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმების პროექტების მიღება იწყება

საქართველოს პირველი არხი აცხადებს დაბალბიუჯეტიანი სატელევიზიო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტების მიღებას.

პროექტის პირობები

ა) ფილმის სცენარი აგებული უნდა იყოს რომელიმე, უკვე არსებული ქართული ან უცხოური ლიტერატურული ნაწარმოებს მოტივებზე, ან წარმოადგენდეს ნაწარმოების ეკრანიზაციას. პროექტში მითითებული უნდა იყოს ლიტერატურული პირველწყაროს სათაური და ავტორის ვინაობა.

ბ) ფილმის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს (შესაბამისი გადასახადების ჩათვლით).

გ) პროექტები ჟანრობრივად არ არის შეზღუდული, მაგრამ ბიუჯეტიდან გამომდინარე, არ უნდა შეიცავდნენ მასობრივ (მათ შორის ბატალურ) სცენებს, ძვირადღირებულ ისტორიულ რეკონსტრუქციებს, ლოკაციებისა და მოქმედი პირების დიდ რაოდენობას.

დ) ფილმის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 26 წთ და არაუმეტეს 52 წთ.

მონაწილეები

პროექტების წარდგენა შეუძლიათ ტელე და კინო მწარმოებელ საპროდიუსერო კომპანიებს.

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი

1) მოკლე სინოფსისი

2) ფილმის სცენარი

3) სარეჟისორო ხედვა

4) რეჟისორის ბოლო ნამუშევარი

5) რეჟისორისა და სცენარისტის CV

6) საწარმოო (კალენდარული) გეგმა

7) ფილმის ბიუჯეტი.

დოკუმენტაცია მიიღება 2020 წლის 3 აგვისტოდან ელექტრონული სახით მისამართზე [email protected]. პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის პირველი ნოემბერი.

დათქმა  წარმოდგენილი მასალის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით:

წარმოდგენილი მასალები არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდის მეშვეობით ხელმისაწვდომი სხვა მესამე პირებისთვის.

ვადასტურებ, რომ გავეცანი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს.

ვადასტურებ, რომ წინამდებარე პროექტი შექმნილია უშუალოდ ჩემ მიერ და წარმოადგენს ჩემი ინტელექტუალური შრომის შედეგს, არის ორიგინალური და არ წარმოადგენს ამ სფეროში არსებული რომელიმე სხვა პროექტის ანალოგს ან/და პლაგიატს (შესაბამისად, არ არის გადამუშავებული, შედგენილი, რეპროდუცირებული ან/და “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით შექმნილი ნაწარმოები), ხოლო ადაპტაციის ან/და გადამუშავების შემთხვევაში, მიღებული ავტორ(-ებ)ის შესაბამისი ნებართვა. გამომდინარე აქედან, თავად ვარ პასუხისმგებელი ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ რაიმე სახის პრეტენზიის ან/და სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში.

წინამდებარე განაცხადზე თანდართულ სცენარზე/სხვა მასალაზე სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ავტომატურად არ წარმოეშვება რაიმე სახის უფლებები. წარმოდგენილი სცენარის/სხვა მასალის საფუძველზე შექმნილ პროექტზე უფლებების წარმოშობა დამოკიდებულია დამატებითი შეთანხმების/ხელშეკრულების გაფორმებაზე.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე 599 87 78 20