„საქართველოს ეროვნული ერთობის" ლიდერები დაკითხვაზე იმყოფებიან
„საქართველოს ეროვნული ერთობის" ლიდერები დაკითხვაზე იმყოფებიან

ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის” მეთაური გიორგი ჭელიძე და ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთი დანაყოფის, მოძრაობა „შავპერანგიანების“ მეთაური თორნიკე ვაშაკიძე დიღმის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებიან.

როგორც მათ დაკითხვაზე შესვლამდე პირველ არხს განუცხადეს, გამომძიებლებმა ჯგუფური ძალადობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაიბარეს, კონკრეტული მუხლი კი მათთვის უცნობია.

ჭელიძე და ვაშაკიძე ჯგუფური ძალადობის საქმესთან კავშირს უარყოფენ, ვინაიდან მათი თქმით, 13 მაისს რუსთაველის გამზირზე, კონტრაქციაზე არ იმყოფებოდნენ.

დაკითხვაზე დაბარებულები ირწმუნებიან, რომ მაშინ როცა კონტრაქცია მიმდინარეობდა, ისინი „ლონდონის სკვერში“ რუსთაველზე წასასვლელად იკრიბებოდნენ, თუმცა ტერიტორიიდან გასვლის საშუალებას პოლიციის კორდონი არ აძლევდა.

მათი თქმით, „ლონდონის სკვერის“ დატოვება გვიან ღამით შეძლეს.

ჭელიძე და ვაშაკიძე დაკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ, იქიდან გამომდინარე, რომ მათი ორგანიზაცია ქართულ ფაშიზმს ქადაგებს, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი ეწინააღმდეგება.

„აბსურდული ბრალდებით დაგვიბარეს ჯგუფური ცემის საქმეზე. ეს როგორ შეიძლება მომხდარიყო, როცა რვა საათის განმავლობაში ვიყავით ჩაკეტილი „ლონდონის ბაღში“, აქციისგან მოშორებით. გუშინწინ მომხდარმა მოვლენებმა და ჩვენი ორგანიზაციის როლმა სერიოზულად შეაშფოთა მემარცხენე სისტემის ზედა ეშელონები, ამიტომ მიმდინარეობს სადამსჯელო ღონისძიებები ჩვენ წინააღმდეგ.

ვრცელდება ცილისმწამებლური ინფორმაციები, თითქოს ჩვენ ვიღაც გვაფინანსებს, თითქოს ჩვენ ვიღაცისგან ვიმართებით, ეს არის ყველაზე საწყენი.

ჩვენ ვნახეთ ერთ-ერთი ჟურნალისტის ფეისბუქპოსტი, სადაც ის შექმნილებს გვიწოდებს, გამოვიდეს და დაადასტუროს ეს. ჩვენ ვართ მემარჯვენე იდეოლოგიის აპარტიული ძალა და მემარჯვენე იდეოლოგიის ძალა, ფაშიზმი არის ჩვენი იდეოლოგია, ქართული ფაშიზმი და ჩვენ სხვა ძალებთან არ ვთანამშრომლობთ, არც ნაციონალისტებთან, არც კონსერვატორებთან“, – განაცხადა „საქართველოს ეროვნული ერთობის” მეთაურმა გიორგი ჭელიძემ.

“საქართველოს ეროვნული მოძრაობა” 13 მაისს კონტრაქციის მოსაწყობად ჯერ რუსთაველის გამზირზე მივიდა, სადაც გაჩერების უფლება სამართალდამცავებმა, ორ ძალას შორის დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით, არ მისცა. ამის შემდეგ კი ორგანიზაციის წევრებმა „ლონდონის სკვერში“ გადაინაცვლეს, საიდანაც კვლავ რუსთაველზე გადასვლას აპირებდნენ, თუმცა პოლიციის კორდონი ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევდა.