საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი მოსამართლეს მიმართავს, დავით კირკიტაძეს პატიმრობა არ შეუფარდოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი მოსამართლეს მიმართავს, დავით კირკიტაძეს პატიმრობა არ შეუფარდოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი დავით კირკიტაძის საქმის განმხილველ მოსამართლეს თხოვნით მიმართავს, აღკვეთის ღონისძიების სახით თუ შესაძლებელია მას არასაპატიმრო სასჯელის რომელიმე ფორმა – გირაო ან შინაპატიმრობა შეუფარდოს.

დავით კირკიტაძესთან დაკავშირებით კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„მსურს, გამოვეხმაურო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირტიკაძის საქმეს, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში. უდავოა, რომ მისი ქმედებები პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სამართლებრივად უნდა შეფასდეს. მან პასუხი უნდა აგოს თითოეულ იმ მოქმედებაზე, რაც მთელმა საზოგადოებამ იხილა.

ამასთანავე, ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს უახლოეს წარსულში მომხდარი მსგავსი შემთხვევები – სახელმწიფო მოხელეებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტები, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები და სხვა გადაცდომები, რომელთა გამოც, სასამართლომ ამ პირებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეუფარდა არა პატიმრობა, არამედ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება.

სწორედ სამართლიანი სასამართლოს პრინციპებიდან გამომდინარე, რათა არავის გაუჩნდეს ეჭვი, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი მოქმედებს, დავით კირკიტაძის მიმართაც შესაძლებელია არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება. ამიტომ, დავით კირკიტაძის საქმის განმხილველ მოსამართლეს ვთხოვ, აღკვეთის ღონისძიების სახით, მას შეუფარდოს არასაპატიმრო სასჯელის რომელიმე ფორმა – გირაო ან შინაპატიმრობა, თუ ეს შესაძლებელია“, – აღნiშნულია განცხადებაში.

გურჯაანის სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სხდომა მიმდინარეობს. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე, რის გამოც დავით კირკიტაძეს პატიმრობა უნდა შეეფარდოს.

სასამართლო პროცესის პარალელურად, გურჯაანში, სასამართლოსთან კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით, 17 დეკემბერს დააკავეს.