„საინფორმაციო ფორმატები და მარკეტინგი რადიოში“ - მედიააკადემიამ რადიო ჟურნალისტებისთვის ვორქშოპი ჩაატარა
„საინფორმაციო ფორმატები და მარკეტინგი რადიოში“ - მედიააკადემიამ რადიო ჟურნალისტებისთვის ვორქშოპი ჩაატარა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიააკადემიამ რადიოში მომუშავე ჟურნალისტებისთვის ორდღიანი ვორქშოპი – „საინფორმაციო ფორმატები და მარკეტინგი რადიოში“ ჩაატარა. ტრენინგში მონაწილეობა რადიო მაუწყებლების 11-მა ჟურნალისტმა მიიღო.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის​ ინფორმაციით, ვორქშოპის პირველი ნაწილი რადიორეპორტინგს, ახალ ამბებსა და რადიო გადაცემების მომზადებას დაეთმო, მეორე ნაწილი კი, რადიოს კონცეფციას, სტრატეგიასა და მარკეტინგს მიეძღვნა. როგორია თანამედროვე რადიო, შეიცვალა თუ არა ამბის თხრობის ტექნიკა, როგორ კეთდება გადაცემები და რა როლი აქვს მარკეტინგს – აღნიშნული თემებით მედიააკადემიამ ჟურნალისტებს საშუალება მისცა, გაეღრმავებინათ მათი საქმიანობისთვის აუცილებელი ცოდნა. მონაწილეებს ვორქშოპი გამოცდილმა ტრენერებმა ლელა კუნჭულიამ, ირინა თევდორაშვილმა და ნიკო ნერგაძემ ჩაუტარა.

ვორქშოპის გავლის შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

მედია აკადემია მედიის წარმომადგენლების, ჟურნალისტების, მედია მენეჯერებისა და პროდიუსერების კვალიფიკაციის ამაღლებაზე BLM-ის წარმატებული მოდელით მუშაობს, რომელიც პრაქტიკულ სწავლებაზეა დაფუძნებული.

მედიაკადემია აქტიურად მუშაობს ტელე და რადიო სტუდიების ტექნიკურ აღჭურვაზე. ტექნიკური სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც, მოკლევადიანი სემინარების პარალელურად დაიწყება 3-6 თვიანი პრაქტიკული სასწავლო კურსები მედიის წარმომადგენლებისთვის.