სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო - ფოლაუ დამნაშავედ ცნეს
სადისციპლინო კომიტეტის მოსმენა, რომელიც ისრაელ ფოლაუს საკითხს განიხილავდა, სამი დაძაბული დღის შემდეგ დასრულდა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, „ვოლაბების“ ფულბეკმა პროფესიონალ მოთამაშეთა ქცევის კოდექსის ძირეული პრინციპები დაარღვია.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რა სანქცია დაეკისრება ავსტრალიელ სუპერვარსკვლავს.
„ჯონ ვესტმა, ქეით ისთმანმა და ჯონ ბულტიმ დაადგინეს, რომ ისრაელ ფოლაუმ თავისი ქცევით პროფესიონალ მოთამაშეთა ქცევის კოდექსის ძირეული პრინციპები დაარღვია, როდესაც 2019 წლის 10 აპრილს, სოციალურ მედიაში ჰომოფობიური პოსტი გამოაქვეყნა. კომიტეტი ახლა მხარეებისგან წერილობით მტკიცებულებებს მიიღებს და სანქციის საკითხს განიხილავს“.
შეგახსენებთ, რომ ფოლაუმ „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ თუკი ცოდვებს არ მოინანიებდნენ, ჰომოსექსუალები და ადამიანთა რამდენიმე სხვა ჯგუფის წევრები, ჯოჯოხეთში მოხვდებოდნენ.