საბერძნეთში 24-საათიანი მასშტაბური გაფიცვა იმართება. საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები, საჯარო მოხელეები და ჟურნალისტების ნაწილიც.
გაფიცვა საბერძნეთის უმსხვილესი გაერთიანების „სახელმწიფო სექტორის პროფკავშირის უმაღლესი საბჭოს“ მიერაა ორგანიზებული.
აქციის მონაწილეები ეკონომიკური განვითარების შესახებ შემუშავებულ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც პროფკავშირებს უფლებებს უმცირებს და საჯარო მოხელეებს საპროტესტო აქციებსა და გაფიცვაში მონაწილეობას უზღუდავს. პროფკავშირი მთავრობას პარლამენტიდან კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვს.
დღეს საბერძნეთის დედაქალაქში შეზღუდულად იმუშავებს მეტრო, არ ივლიან ავტობუსები და ტროლეიბუსები, გემები, რის გამოც ერთი დღით შეფერხდება კავშირი კუნძულებთან. 24-საათიან გაფიცვას შეუერთდნენ სკოლის მასწავლებლები, უნივერსიტეტების ლექტორები, ბანკების თანამშრომლები, ასევე სახელმწიფო საავადმყოფოების ექიმები. აქციას მხარს უჭერს მოსამართლეთა და ადვოკატთა ნაწილი. სამი საათით მუშაობას შეწყვეტენ მედიასაშუალებები.