სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი აცხადებს, რომ ევროპულმა სასამართლომ უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის საქმეში მხარედ ჩართო
სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი აცხადებს, რომ ევროპულმა სასამართლომ უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის საქმეში მხარედ ჩართო

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა ევგენი გრუშოვეცმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. როგორც სააკაშვილის მონახულების შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს.

ევგენი გრუშოვეცის თქმით, ამ ეტაპზე პირველი ამოცანაა, რომ სააკაშვილის მკურნალობა შესაბამისად წარიმართოს.

ამასთან, ევგენი გრუშოვეცმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროპულმა სასამართლომ უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის საქმეში მხარედ ჩართო.

„ცოტა ხნის წინ ევროპულმა სასამართლომ უკრაინის ომბუდსმენს ლიუდმილა დენისოვას გამოუგზავნა წერილი იმის შესახებ, რომ ის ასევე იქნება საქმის „მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ მონაწილე. ევროპულმა სასამართლომ გადასცა ლიუდმილა დენისოვას წერილი იმის შესახებ, რომ ის იქნება ამ საქმეში მხარე, გათვალისწინებული იქნება მის მიერ წარდგენილი განმარტებები და მტკიცებულებები. შესაბამისად, ჩვენ ვიმუშავებთ ამ მიმართულებითაც. როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ადვოკატები ლიუდმილა დენისოვას გადავცემთ გარკვეულ დოკუმენტს. ამას გარდა, მიხეილთან შეხვედრის შემდეგ ვაპირებთ ვითხოვოთ, რომ ევროპულმა საზოგადოებამ, საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო დეტალურად განიხილოს ეს სიტუაცია. ახლა საკვანძოა, რომ უპირველეს ყოვლისა მოხდეს შესაბამისი სამედიცინო შემოწმება, მკურნალობა და რეაბილიტაცია, რადგან ამის შესახებ საუბრობს ყველა ექიმი, საქართველოს, უკრაინის ომბუდსმენებიც და მიხეილის ექიმიც. ახლა ეს არის ნომერ პირველი ამოცანა.

კითხვაზე: „რა არის უკრაინის ოფიციალური პოზიცია და გაქვთ თუ არა თქვენ რაიმე გზავნილები“, გრუშოვეცმა განაცხადა:

„ოფიციალური პოზიცია გასულ კვირას გამოხატა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც ამბობს, რომ თვალს ადევნებს ამ სიტუაციას და ასევე ცდილობს, სულ მცირე შექმნას ყველა პირობა, რათა მიხეილ სააკაშვილმა შესაბამისი მკურნალობა და რეაბილიტაცია მიიღოს. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტების ხაზით, მათ შორის ევროპული ქვეყნების პრეზიდენტებთან. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც ხდება, თუმცა არის საკვანძო გზავნილები, რომლებზეც საუბარი შეგვიძლია“, – განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ კითხვას, განიხილავს თუ არა უკრაინული მხარე უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემის საკითხს, გრუშოვეცი აცხადებს, რომ მუშაობენ, რათა სააკაშვილი საქართველოდან წაიყვანონ.

„ვერ ვიტყვი, რომ სწორედ უკრაინული მხარე განიხილავს გადაცემის საკითხს, თუმცა დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ წავიყვანოთ მიხეილ სააკაშვილი, თუმცა რა გზით და მეთოდით ვაკეთებთ ამას, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვიტყვი“, – განაცხადა ევგენი გრუშოვეცმა.