რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაშავებული საქართველოს პირველი არხის ოპერატორი „ნიუ ჰოსპიტალსშია“ გადაყვანილი
რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაშავებული საქართველოს პირველი არხის ოპერატორი „ნიუ ჰოსპიტალსშია“ გადაყვანილი

რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაშავებული საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი „ნიუ ჰოსპიტალსშია“ გადაყვანილი. თვალიაშვილს ამ დროისთვის სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკაში განუცხადეს, გამოკვლევების შემდეგ გახდება ცნობილი, კონკრეტულად რა დაზიანებები აღენიშნება ოპერატორს. ექიმების ინფორმაციით, მას დაზიანებები ძირითადად სახის არეში აღენიშნება.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები აქციას მართავდნენ, აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი დაშავდა. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ და სხვადასხვა მედიის წარმომადგენლების გადამღებ ჯგუფებს ბოთლებსა და ჯოხებს ესროდნენ. ჟურნალისტები ადგილიდან საპატრულო პოლიციამ განარიდა.

ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელთა რეაგირების შედეგად, მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი.