როს უილსონი - დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას და მივესალმებით ლიდერების მაღალი დონის შეხვედრებს
როს უილსონი - დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას და მივესალმებით ლიდერების მაღალი დონის შეხვედრებს

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით საუბრები მიმდინარეობს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

როგორც როს უილსონმა აღნიშნა, საქართველოსა და აშშ-ს შორის ძალიან ძლიერი კავშირია.

„პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გამოთქვა ინიციატივა აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საუბრები, მაგრამ კონკრეტულად არაფერი გადაწყვეტილა ან დაგეგმილა. მოგეხსენებათ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას და მივესალმებით მაღალი დონის შეხვედრებს, სადაც ლიდერები შეხვდებიან ერთმანეთს, როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არის ძალიან ძლიერი კავშირი. ჩვენ დავუკავშირდით საგარეო საქმეთა სამინისტროს და როგორც ვიცი, კონკრეტულად არაფერი არ დაგეგმილა“, – განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

„რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ში ვიზიტზე ოფიციალური ვაშინგტონისგან უარი მიიღო. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს ქართულ მხარეს უარი ეთქვა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე. მათი ინფორმაციით, ვიზიტის განხორციელებაზე დიპლომატიური არხებით მუშაობა დაწყებულია.