რეგულირების სააგენტო კლინიკების შემოწმებას მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეძლებს
რეგულირების სააგენტო კლინიკების შემოწმებას მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეძლებს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რეგულირების სააგენტო კლინიკების შემოწმებას მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეძლებს.

კომიტეტმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილ ჯანმრთელობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე გუშინ იმსჯელა. კანონპროექტის მიხედვით, რეგულირების სააგენტოს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე კლინიკების შემოწმებისა და მათგან დოკუმენტაციის გამოთხოვის უფლებამოსილება ეზრდებოდა.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კანონპროექტი კლინიკების მიერ სალიცენზიო წესების დაცვის კონტროლისთვის მნიშვნელოვანი მექანიზმია.

„დაჩქარებული წესით წარმოდგენილი კანონპროექტი განვიხილეთ ჩვეულებრივ რეჟიმში, დაჩქარების გარეშე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კლინიკები რეგულირების სააგენტომ უნდა შეამოწმოს, მაგრამ უნდა შეამოწმოს სასამართლოს გადაწყვეტილებით და არა მის გარეშე. საჭიროება გამომდინარეობს იქიდან, რომ არის კლინიკები, რომლებიც არღვევენ სალიცენზიო წესებს, რაც არის მაღალი რისკის შემცველი პაციენტებისთვის“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.