რატი იონათამიშვილი - მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში პირდაპირ ძალადობრივი გადატრიალების სცენარია, საქართველო ღირსეული ქვეყანაა და ასეთი მავნებლური სცენარები არასოდეს განხორციელდება
რატი იონათამიშვილი - მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში პირდაპირ ძალადობრივი გადატრიალების სცენარია, საქართველო ღირსეული ქვეყანაა და ასეთი მავნებლური სცენარები არასოდეს განხორციელდება

მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში ძალადობრივი გადატრიალების სცენარია, საქართველო არის ღირსეული და ასეთი მავნებლური სცენარები არასოდეს განხორციელდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილს კითხვა დაუსვეს „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშზე, სადაც აღნიშნულია: „ქართული ოცნება“ თუ გაიმარჯვებს დამკვირვებელთა დადასტურებით, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს შემდგომი მონიტორინგი, განსაკუთრებით, მთავრობის რეაქციისა მოსალოდნელ პროტესტზე“.

„მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში პირდაპირ ძალადობრივი გადატრიალების კონკრეტული სცენარია. სცენარი, რომლის მიხედვითაც მოქმედება ოპოზიციას გარე აქტორებთან ერთად უკვე დაწყებული აქვს. ფაქტობრივად, ისინი ანგარიშში ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ 2/3-ით არჩევნებს იგებს, მაგრამ, ამის მიუხედავად, საპროტესტო აქციები უნდა იყოს და არეულობაში გადაიზარდოს. ფაქტობრივად, ამას არა მხოლოდ პროგნოზირებენ, არამედ იმის სურვილს გამოხატავენ, რომ პროცესები ასე განვითარდეს. ფაქტს, რომ არჩევნებს დამაჯერებლად იგებს „ქართული ოცნება“, მათ შორის საკონსტიტუციო უმრავლესობით, როგორც ჩანს, ამას თავადაც აღიარებენ. ამ ყველაფრის ფონზე, მსგავსი ანგარიშების გამოქვეყნება შემაშფოთებელია. ვფიქრობ, ქართულმა საზოგადოებამ ანგარიში დეტალურად უნდა წაიკითხოს, რადგან ნახავს, ვის რა ზრახვა და მიზანი აქვს. ამ ადამიანებს ეშლებათ, რომ საქართველო არის ღირსეული და ასეთი მავნებლური სცენარები არასოდეს განხორციელდება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.