რატი იონათამიშვილი - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოს ხელისუფლებასთან წინასწარ განწირულ სასამართლო დავაში შედის
რატი იონათამიშვილი - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოს ხელისუფლებასთან წინასწარ განწირულ სასამართლო დავაში შედის

ანაკლიის პორტის იდეის ავტორი, სულის ჩამდგმელი და ინიციატორი საქართველოს ხელისუფლება იყო,  – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

დეპუტატის შეფასებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვალდებულებები არ შეასრულა და პროექტის განხორციელების ვადები არ დაიცვა.

„სამწუხაროდ, მამუკა ხაზარაძე და კონსორციუმი ცდილობდნენ, ეს პროექტი არ შემდგარიყო, რადგან პრაქტიკულად, მათ არ შეასრულეს არც ერთი ვალდებულება, ვადები არ დაიცვეს და არ მოიზიდეს ინვესტიციები პროექტის განსახორციელებლად. ხელისუფლებამ ამ ყველაფრის გათვალისწინებით ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ხელი უნდა შეეწყო ანაკლიის პროექტის განხორციელებისთვის. აქტიურად ვმუშაობთ, რომ დამატებით ინვესტორები მოვიზიდოთ. ნაცვლად იმისა, რომ ეს გაეკეთებინა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, ისინი ცდილობენ, აღნიშნული პროცესი დააზიანონ და საქართველოს ხელისუფლებასთან წინასწარ განწირულ სასამართლო დავაში შევიდნენ. ამის პერსპექტივა არ აქვთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი წარმატებით განხორციელდეს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და ერთ-ერთმა უცხოელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები შეიტანეს.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 9 იანვარს ოფიციალურად შეწყვიტა.