რას გააკეთებთ პანდემიის შემდეგ - პაატა იმნაძის, ამირან გამყრელიძისა და ხათუნა ზახაშვილის პასუხები [ვიდეო]

რა გენატრებათ ყველაზე მეტად და რას გააკეთებთ პანდემიის დასრულების შემდეგ? – ეს იყო ფეისბუქლაივის ბოლო შეკითხვა, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, მისმა მოადგილე პაატა იმნაძემ და ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა უპასუხეს.

„ავიღებ შვებულებას და წავალ დასასვენებლად. პანდემიის შემდეგ ხომ მომცემთ, ბატონო ამირან, შვებულებას“, – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

პაატა იმნაძის თქმით, მას ყველაზე მეტად შვილიშვილებთან ჩახუტება ენატრება.

„ვნახავ შვილიშვილებს და ჩავეხუტები, მენატრება, რომ ჩავეხუტო ჩემს შვილიშვილებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამირან გამყრელიძის თქმითაც, უნდა, შვილიშვილებთან ერთად რაჭაში წავიდეს.

„შვილიშვილები ყოველდღე მეუბნებიან, რაჭაში თუ წაგვიყვანო და მინდა, რომ ყველა ჩემს შვილიშვილთან ერთად წავიდე რაჭაში. თუ დამთავრდა ეს პანდემია, წავალთ ერთად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.