რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღიას ფინალში გავიდა და 21-ე „დიდ სლემს“ ერთი მოგება აშორებს #1TVSPORT
რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღიას ფინალში გავიდა და 21-ე „დიდ სლემს“ ერთი მოგება აშორებს #1TVSPORT

ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის პირველი ფინალისტი რაფაელ ნადალი გახდა. ესპანელმა ზუსტად სამ საათში ოთხ სეტში დაამარცხა იტალიელი მატეო ბერეტინი – 6:3, 6:2, 3:6, 6:3.

ნადალმა იდეალურად ჩაატარა პირველი ორი სეტი, როცა მეტოქეს არცერთი ბრეიკპოინტის შანსი არ მისცა, თავად ექვსიდან სამი ბრეიკპოინტი გამოიყენა და მხოლოდ შვიდი უნებლიე შეცდომა დაუშვა.

ბერეტინი მესამე სეტიდან ჩაერთო თამაშში. მან შეძლო მატჩში პირველი ბრეიკის შესრულება, საკუთარ მოწოდებაზე კი არ ცდებოდა – მესამე სეტის ბოლოსა და მეოთხე სეტის დასაწყისში იტალიელმა ზედიზედ ხუთი საკუთარი გეიმი „მშრალი“ ანგარიშით მოიგო. ყველაფერი თითქოს ნადალის წინა მატჩის სცენარისკენ მიდიოდა, როცა ესპანელმა პირველი ორი სეტი დამაჯერებლად მოუგო კანადელ დენის შაპოვალოვს, მაგრამ მაინც ხუთი სეტის თამაში მოუწია.

თუმცა ნადალმა ამჯერად თავიდან აიცილა ხუთსეტიანი მარათონი. მეტოქის მოწოდებაზე „მშრალად“ წაგებული ზედიზედ ხუთი გეიმის შემდეგ, ესპანელმა მეოთხე სეტის მერვე გეიმში ბრეიკი შეასრულა და შემდეგ მატჩზე ჩაწოდება შეძლო. აღსანიშნავია, რომ რაფასთვის ეს იყო მე-500 მოგება ჰარდის საფარის კორტზე.

ახლა ნადალს ერთი მოგება აშორებს „დიდი სლემის“ ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელის სტატუსამდე. 21-ე ტიტულისათვის ის ფინალში ბერძენ სტეფანოს ციციპასს ან რუს დანიილ მედვედევს შეხვდება.