ქუთაისში კომენდანტის საათის დროს პოლიციასა და მოქალაქეებს შორის ინციდენტი მოხდა
ქუთაისში კომენდანტის საათის დროს პოლიციასა და მოქალაქეებს შორის ინციდენტი მოხდა

ქუთაისში პოლიციასა და ნიკეას ქუჩაზე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ მოქალაქეებს შორის ინციდენტი მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება კომენდანტის საათის დროს სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეების გაფრთხილებას მოჰყვა. პოლიციამ ქუჩაში მყოფ ახალგაზრდებს შენობაში შესვლისკენ მოუწოდა, რის გამოც ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

სოციალურ საცხოვრისში კი ამბობენ, რომ პოლიცია მოქალაქეს თავს დაესხა და მათი საპასუხო რეაქციაც ამას მოჰყვა.

მომხდარის გამო, სოციალური საცხოვრისის რამდენიმე მცხოვრები პოლიციის მეოთხე განყოფილებასთან მივიდა. ისინი ამბობენ, რომ ინცინდენტის შემდეგ, 21 წლის ახალგაზრდას ვერ პოულობენ და არ იციან, არის თუ არა  დაკავებული. ამასთან, ისინი ინციდენტისას არასრულწლოვანი გოგონას დაშავებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვენ.