ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა გამარტივდა
ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა გამარტივდა

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მედიკამენტების შეძენისთვის ბენეფიციარებს სოციალური მომსახურების სააგენტოში გამოცხადება და ერთჯერადი რეგისტრაციის გავლა აღარ სჭირდებათ. სიახლე უკვე ძალაშია და შედეგად, მოქალაქეებს წამლების მიღება ექიმის მიერ ელექტრონული რეცეპტის გამოწერის შემდეგ შეუძლიათ. მანამდე არსებული პრაქტიკით, პროგრამით სარგებლობისთვის, მოქალაქეს უნდა მიემართა სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულისთვის და გაევლო ერთჯერადი რეგისტრაცია. ამისთვის აუცილებელი იყო ფორმა-100-ის წარდგენა. მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ შეეძლო ბენეფიციარს აფთიაქში მედიკამენტის შეძენა.

ამასთან, მიმდინარე წლიდან შეიცვალა აღნიშნული პროგრამის მოდელი და მოხდა საყოველთაო ჯანდაცვაში მისი ინტეგრაცია. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ახალი მოდელის პირობებში, მედიკამენტი უფრო მეტი აფთიაქიდან გაიცემა და მიწოდებაშიც წყვეტა არ იქნება.

როგორც ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ საქართველოს პირველ არხს განუმარტა, ახალი მოდელის პირობებში აფთიაქი თავად ხდება ვალდებული, უზრუნველყოს მედიკამენტის მიწოდება ბენეფიციარისთვის, რაც პროგრამის ადმინისტრირებას გაამარტივებს და წამლის დეფიციტი აღარ შეიქმნება, რაც წინა მოდელის შემთხვევაში ხდებოდა.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ პირებს, რომლებიც დარეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ასევე პენსიონერებს, შშმ პირებს, პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეებს.

პროგრამა ვრცელდება შემდეგ დაავადებებზე: გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები; ფილტვის ქრონიკული დაავადებები; დიაბეტი (ტიპი II); ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებები; ეპილეფსია; პარკინსონის დაავადება.

სოციალურად დაუცველი, შშმ პირები, პენსიონრები მედიკამენტს სიმბოლურ ფასად, მაქსიმუმ ერთ ლარად ყიდულობენ. პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებული მოქალაქეები კი მედიკამენტების შეძენისას სარგებლობენ მინიმუმ 75%-იანი ფასდაკლებით.