ქეთევან ციხელაშვილი - ზოგადად, ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება ძალიან მძიმეა, რაც გამოწვეულია ოკუპაციით
ჩვენი უპირატესი ინტერესია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის უსაფრთხოებას არ შეექმნას რისკი, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ზოგადად, ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება ძალიან მძიმეა, რაც როგორც ციხელაშვილი ამბობს, გამოწვეულია ოკუპაციით.
„რა თქმა უნდა, მიმდინარე მოვლენები, ისევე როგორც ყველა მოვლენა, ჩვენთვის არის საყურადღებო და საინტერესო. ცხადია, აქ არ იგულისხმება, რომ რომელიღაც პოლიტიკური პროცესის ლეგიტიმურობას ვცნობთ, მაგრამ თავისთავად სამშვიდობო პროცესისთვის მნიშვნელობა აქვს ამ განვითარებებს. ჩვენი უპირატესი ინტერესი გახლავთ, რომ არ შეექმნას რაიმე რისკი მოსახლეობის უსაფრთხოებას. უსაფრთხოება და უფლებები იყოს დაცული. ჩვენთვის ამ ჭრილში განსაკუთრებით საყურადღებოა ყველა პროცესი, რაც მიმდინარეობს უკვე დღეზე მეტია. ასეთი მოვლენები პირველად არ ხდება. როგორც გახსოვთ, არის გარკვეული პროცესები, წინა წლებშიც ყოფილა. ზოგადად, ფონი რეგიონში ძალიან მძიმეა, რაც გამოწვეულია მიმდინარე ოკუპაციით, გადაუჭრელი კონფლიქტით. აქ იგულისხმება სოციალურ-ეკონომიკური, ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და ა.შ. საკითხები. ყველა ასეთი განვითარებისას პრობლემას ისიც ქმნის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს ფაქტობრივად, წვდომა არ აქვთ რეგიონში და ამ ვითარებაში, იმედი უნდა გამოვთქვა, რომ ყველა განვითარება იქნება უპირველესად მშვიდობიანი და არ დაზარალდება არავინ, არ დაზარალდება ჩვენი მოსახლეობა“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გუშინ დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეთა ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. სოციალურ ქსელში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.
აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.
ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.