„ქართულმა პოლიციამ მოლოდინს გადააჭარბა“ - ტურისტებს თბილისში მოპარული ველოსიპედები დაუბრუნეს 
„ქართულმა პოლიციამ მოლოდინს გადააჭარბა“ - ტურისტებს თბილისში მოპარული ველოსიპედები დაუბრუნეს 

პოლიციამ ამერიკელ და ბრიტანელ ტურისტებს თბილისში მოპარული ველოსიპედები დაუბრუნა. ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც ერთ-ერთი ტურისტი სოციალურ ქსელში წერს, ქართულმა პოლიციამ მის ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

„ველოსიპედები ერთ-ერთ სოფელში, თბილისიდან 100 კილომეტრში, საქართველო-სომხეთის საზღვართან აღმოაჩინეს. მათ დამიბრუნეს ველოსიპედი და ჩემი რწმენა კაცობრიობაში“, – წერს ნიკოლი.

მისივე თქმით, პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ეს მათი ღირსების საქმე იყო.

„საქართველო, მიყვარხარ. ეს სხვაგან რომ მომხდარიყო, არ მგონია, რომ ასეთი შედეგით დამთავრებულიყო“, – ამბობს ტურისტი.

ველომოგზაურებს ველოსიპედები 19 იანვარს მოპარეს. ნიკოლი ამბობს, ამის შემდეგ განსაკუთრებული მხარდაჭერა და დახმარების სურვილი იგრძნო.

ნიკოლი ველოსიპედით ტაილანდიდან ესპანეთში მოგზაურობს და ამ გზაზე საქართველო მისი ერთ-ერთ გაჩერებაა.