ქარელში საცურაო აუზი შენდება
ქარელში საცურაო აუზი შენდება

ქარელში საცურაო აუზი შენდება. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია დიდი და მცირე აუზების მოწყობა. ასევე, კომპლექსში განთავსდება სატრენაჟორო დარბაზი, 100 ადამიანზე განკუთვნილი ტრიბუნა, პერსონალისა და მწვრთნელების ოთახები, გასახდელი და საშხაპეები. საცურაო კომპლექსი ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება ხუთ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

სამშენებლო სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მამუკა საღარეიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. რწმუნებულის თქმით, რეგიონში მსგავსი სახის პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს, როგორც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ისე ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას.

„პანდემიის მიუხედავად, რეგიონში შეუფერხებლად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. წლის ბოლოს ქარელის მცხოვრებნი თანამედროვე სტანდარტების მქონე საცურაო აუზით ისარგებლებენ“, – აღნიშნა მამუკა საღარეიშვილმა.