პირველი არხის ჟურნალისტებისთვის დანიის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი ულრიკ ჰააგერუპი დღეს ვორქშოპს მართავს, ხვალ კი პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობით კონფერენცია გაიმართება

საზოგადოებრივი მაუწყებლის მოწვევით, დანიის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი და წიგნის „კონსტრუქციული ახალი ამბები“ ავტორი ულრიკ ჰააგერუპი საქართველოს სტუმრობს.

ვიზიტის პირველ დღეს ულრიკ ჰააგერუპი პირველი არხის პროდიუსერების, რედაქტორებისა და ჟურნალისტებისთვის ვორქშოპს ატარებს, რომელსაც მთელი დღე დაეთმობა და მოიცავს როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ცოდნის გაზიარებას. ხვალ, 18 ნოემბერს კი გაიმართება კონფერენცია „კონსტრუქციული ახალი ამბები“, რომლის მიზანია, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნოს კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მიდგომა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე პრაქტიკაში იყენებს.

კონფერენციას დაესწრებიან საერაშორისო ორგანიზაციების, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის, მედიაწიგნიერებისა და მედიის ინდუსტრიაში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედიის მიმართულების ხელმძღვანელები უნივერსიტეტებიდან და სტუდენტები. კონფერენცია საჯარო ლექციასა და კითხვა-პასუხის ფორმატს მოიცავს.

„უკვე დიდი ხანია, ვსაუბრობთ კონსტრუქციულ ჟურნალისტიკაზე, მის მნიშვნელობასა და როლზე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. ხშირად მეკითხებიან, რა არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი გამოწვევა. თუ შესაძლებელია, რომ ყველა გამოწვევა გვერდზე გადავდოთ და მთავარზე ვფოკუსირდეთ, ეს ალბათ ამ ინსტიტუციის რეალური არსის, შემდეგ კი საჭიროების სწორად გააზრებაა“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

ულრიკ ჰააგერუპის თქმით, ჟურნალისტიკა ერთნაირი გამოწვევების წინაშე დგას როგორც საქართველოში, ისე დანიაში.

„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ თქვენ, როგორც კომპანიას, გადაწყვეტილი გაქვთ, რომ გინდათ შეცვლა, წინსვლა და საქმის განსხვავებულად კეთება და ფიქრობთ, რომ ამის საფუძველი შეიძლება, იყოს კონსტრუქციული ჟურნალისტიკა. ჩემთვის ეს დიდი პატივია“, – განაცხადა ულრიკ ჰააგერუპმა.

ნორვეგიის საზოგადოებრივი მაუწყებლის რედაქტორის, ინგრიდ თინმანსვიკის თქმით, კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მიდგომის დანერგვას მთელ ორგანიზაციაში ცდილობენ.

„მე კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მიმართულებით ვმუშაობ ნორვეგიის საზოგადოებრივ მაუწყებელში, NRK-ში, სადაც ვცდილობთ ამ მიდგომის დანერგვას მთელ ორგანიზაციაში. ამიტომ ჩემთვის ძალიან შთამაგონებელია აქ ჩამოსვლა, სადაც თქვენ ამავე მიმართულებით საქმიანობთ. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, ვისწავლოთ ერთმანეთისგან და ერთმანეთისთვის ინსპირაციის წყარო ვიყოთ. მოხარული ვარ, რომ ამდენი ადამიანი შეიკრიბა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს ვხვდებით და გვაქვს დისკუსია იმაზე, როგორ შეგვიძლია ჟურნალისტიკის ერთად შეცვლა“, – განაცხადა ინგრიდ თინმანსვიკმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებიდან 11-მა უკვე გაიარა გადამზადების კურსი დანიის კონსტრუქციული ახალი ამბების ინსტიტუტში. უახლოეს მომავალში კიდევ ოთხი მიემგზავრება, წლის ბოლომდე კი ჯამში პირველი არხის 18 ჟურნალისტი იქნება კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მიმართულებით გადამზადებული.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ღირებულებები განაპირობებს დემოკრატიულ საზოგადოებაში მისი, როგორც ინსტიტუციის არსებობის აუცილებლობას. ეკოლოგიური მედია საზოგადოების მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.